გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მე-7 კლასელი მოსწავლის გაუპატიურების საქმეზე სასამართლო პროცესი მარტში გაიმართება.
როგორც speqtri.ge-სთან საუბრისას, პროკურატურის პრესამსახურის თანამშრომელი ნათია სუხიაშვილი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ გოგონაზე ორმა მოზარდმა იძალადა, აღნიშნული ბრალდებით მხოლოდ ერთი გასამართლდება. „ახალი კანონმდებლობის მიხედვით, 14 წლის ქვემოთ მყოფი მოზარდის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლება, რის საფუძველზეც ძალადობაში მონაწილე სხვა მოზარდი არ გასამართლდება. ბრალი იმ მოზარდს წაუყენეს, რომელიც დანაშაულის ჩადენისას 14 წლის იყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ითვალისწინებს“.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ მოზარდს ამ ეტაპზე სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა აქვს შეფარდებული.
შეგახსენებთ, რომ 12 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის ნოემბერში გავრცელდა. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, მე–7 კლასელი გოგონას გაუპატიურებაში, ამავე სკოლის მე–8 კლასის ორი მოსწავლე ბიჭის ბრალეულობა გამოიკვეთა. ექსპერტიზამ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტი დაადასტურა.
წყარო: http://speqtri.ge/
მასალის გამოყენების პირობები






