შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების" კომპანიაში არსებულ დარღვევებზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არ არის.
ამის შესახებ სააგენტოს წარმომადდგენლმა გიორგი ქურდაძემ განაცხადა.
"2015 წლის 4 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების სააგენტოდან შემოვიდა მასალები "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების" კომპანიაში 2013-2014 წლებში თანხების შესაძლო მითვისების ფაქტთან დაკავშირებით. რის საფუძველზეც იმავე დღეს დაიწყო გამოძიება სსსკ-ს 182-ე მუხლის 2-ე ნაწილის "დ" და 3-ე ნაწილის "ბ " ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. დღეისათვის ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაკითხულები არიან მოწმეები, ამოღებული დოკუმენტაცია როგორც წყალმომარაგების კომპანიიდან, ასევე შესაბამისი საბანკო დაწესებულებებიდან. ჩატარებულია თემატური რევიზია. გამოძიების მიმდინარე ეტაპზე, საქმეზე არცერთი პირი დაკავებული არ არის. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოება დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული“, - განაცხადა ქურდაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






