და დასახელებული იყო დაზარალებულისა და მისი მშობლის ვინაობა.
განცხადებას დღის მეორე ნახევარში გამოეხმაურა შსს, რომელმაც ოფიციალურად უარყო ინფორმაცია და განაცხადა, რომ ინფორმაციაში დასახელებული პირი სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ.
ამავე დროს, შსს სთხოვს მედიასაშუალებებს, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებამდე ის გადაამოწმონ შსს-ს პრესსამსახურთან.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპოსტი“ აცხადებს, რომ ინფორმაცია მომხდარი ფაქტის შესახებ 26 იანვარს, საღამოს საათებში მიიღო, თუმცა, იგი მაშინვე არ გაუვრცელებია, რადგან შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ნინო გიორგობიანთან დაკავშირება ვერ მოხერხდა: ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.
მას შემდეგ, რაც ინფორმაციის გადამოწმებისა და ფაქტის შესახებ შსს-ს ოფიციალური კომენტარის მისაღებად დილით იგივე განმეორდა და ნინო გიორგობიანი ზარებს კვლავ არ პასუხობდა, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ინფორმაციის გავრცელება, პირველ რიგში, ძალადობრივად დაკავებული მოქალაქის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ამასთან, გვინდა განვაცხადოთ, რომ ვეთანხმებით შსს-ს თხოვნის შინაარსს იმის თაობაზე, რომ მსგავსი ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს უწყების პრესსამსახურთან, თუმცა, სინანულით უნდა აღვნიშნოთ, რომ ქ.-ნ ნინო გიორგობიანთან დაკავშირება ხშირად შეუძლებელი ხდება.
ანალოგიური პრობლემის წინაშე დგანან არამარტო „ნიუსპოსტი“, არამედ ჩვენი კოლეგებიც სხვადასხვა მედიასაშუალებიდან. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ „გურიანიუსი“, რომელმაც ერთ-ერთ მასალაზე მუსაობისას ვერ მოახერხა კომენტარის მიღება ნინო გიორგობიანისგან.
მოგვყავს ციტატა „გურიანიუსის“ პუბლიკაციიდან: "გურია ნიუსი" ორი დღის განმავლობაში ცდილობდა შსს პრესსამსახურთან, კერძოდ, ნინო გიორგობიანთან დაკავშირებას, რომელიც ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამის შემდეგ იძულებული გავხდით, ტექსტური შეტყობინებებით დაგვესვა კითხვები. ის მხოლოდ ერთხელ შეგვეხმიანა_ რა საკითხზე გსურს ჩემთან დაკავშირებაო? .... კითხვების დასმა გვინდოდა ქალბატონი გიორგობიანისთვის და ასევე იმის შეხსენება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ოპერატიულობას ჩვენს საქმიანობაში. და დავსძენთ იმასაც, რომ, ორ კითხვაზე პასუხის გასაცემად პრესსამსახურს ორი დღე არ უნდა ჭირდებოდეს.“, - წერს გამოცემა 24 იანვარს გამოქვეყნებულ წერილში „მეგობრული რჩევა პრემიერმინისტრს თუ ცრუ დასმენა პოლიციის უფროსის მოსაცილებლად“.
განცხადების ბოლოს დავძენთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპოსტი“ პასუხისმგებლობით ეკიდება ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას და ასევე, პასუხისმგებლობას იღებს მის სისწორეზე. აქედან გამომდინარე, წყაროს იდენტიფიცირების გარეშე, სააგენტო გააგრძელებს პოლიციელთა მხრიდან ძალადობრივი დაკავების ფაქტის ჟურნალისტურ შესწავლას და დამატებით დეტალებს პორტალზე გამოაქვეყნებს.
მასალის გამოყენების პირობები






