ლიტვის პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, „ნორმანდიული ოთხეულის“ მიერ მინსკში მიღებული სამშვიდობო ხელშეკრულება ძალიან სუსტია.
ამის შესახებ, ლიტვის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროსაბჭოს სამიტის დაწყებამდე ისაუბრა.
„კონფლიქტის მთავარი საკითხი, რომელიც საზღვარზე კონტროლს გულისხმობს, კვლავაც გაუგებარი რჩება. ეს კი ნიშნავს, რომ საზღვარი ღიაა ნებისმიერი სამხედრო ტექნიკისა თუ არმიისთვის. მინდა ვთქვა, რომ მინსკის მოლაპარაკებების შედეგები აბსოლუტურად სუსტია“ - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
ლიტვის პრეზიდენტი, პესიმისტურად უყურებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ შეთანხმებასაც.
„5 თვის წინ უკვე მოეწერა მსგავს ხელშეკრულებას ხელი. საომარი მოქმედებები კი კვლავ გაგრძელდა. ვნახოთ, ახლა რა იქნება. უახლოეს დღეებში დავინახავთ, განხორცელდება თუ არა მინსკის ხელშეკრულების ნაწილობრივი შესრულება მაინც“- დასძინა გრიბაუსკაიტემ.
შეგახსენებთ, „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა მინსკში 16 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მხარეები ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანაზე შეთანხმდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






