აბაშაში მოკლული ტოტია მესხის ოჯახის წევრები პოლიციიდან იმ პირების გათავისუფლებას აპროტესტებენ, ვინც, მათი თქმით, მკვლელობაში მონაწილეობდა.
როგორც ისინი ამბობენ, პოლიციამ სულ სამი ადამიანი დააკავა, თუმცა ორი მათგანი მალევე გამოუშვა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, პოლიციამ მათ განუმარტა, რომ ორი პიროვნების ბრალეულობა არ იკვეთებოდა, რის გამოც ისინი გათავისუფლდნენ.
მოკლული მამაკაცის ახლობლების თქმით, ტოტია მესხის მკვლელოვაში სამივე პირი მონაწილეობდა და პასუხი ყველამ უნდა აგოს. ისინი ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ცხედარს არ დაკრძალავენ და პოლიციის შენობის წინ დაასვენებენ.
63 წლის მწყემსი ტოტია მესხია, რომელსაც აბაშის რაიონში მდებარე საძოვრებზე საქონელი ჰყავდა, ორი დღის წინ მოკლული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მოკლეს, შემდეგ კი ცხედარი საკუჭნაოში ჩაკეტეს. მკვლელობაში ბრალდებულებმა ფერმიდან რამდენიმე სული საქონელი წაიყვანა და რეალიზაციისთვის ხორცი სხვას გადასცა. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ მიბრუნდა ფერმაში და ავტომობილით ორ პირთან ერთად რამდენიმე ტონა ყველი წამოიღო. კვალის დაფარვის მიზნით კი ფერმა დაწვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები






