20 იანვარს სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე მომხდარი აფეთქების შესახებ, რომელსაც იური ვაზაგაშვილი ემსხვერპლა, „ნიუპოსტისთვის“ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც ყარაფილაში ვაზაგაშვილების ნათესავები გვიყვებიან, იმ დღეს იური ვაზაგაშვილი სოფელში თავის მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ჩავიდა და მასთან ერთად ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე მისვლას გეგმავდა.
„10 წლის ბავშვია, რომ დაინახა მეზობელი ქალი იურას უთხრა, მე აქ დავრჩებიო. იურა წავიდა სასაფლაოზე და მალევე გავიგეთ აფეთქების ხმა. მე, მაგალითად მეგონა რუსები აფეთქებდნენ ცხინვალის მხარეს რაღაცეებს და ყურადღება არ მივაქციე. მერე მესაფლავეებმა, რომ ატეხეს ყვირილი ყველანი გავცვივდით და ვნახეთ ეს უბედურება. კიდევ კარგი ბავშვი არ გაჰყვა, რავიცი სასწაული მოხდა თორემ რა იქნებოდა ღმერთმა იცის“ , - ამბობს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ვაზაგაშვილების ნათესავი.
„ვაზაგაშვილების სახლს გარშემო სულ განათებები აქვს შემორტყმული, რომ შებინდდებოდა თუ არა იმ წუთას თავისით ინთებოდა. აფეთქების წინა ღამეს არ აინთო განათება, ყველას გვიკვირდა ნეტა როტომ არ აინთოო. მერე, მე როგორც გავიგე, კაბელები ყოფილა გადაჭრილი“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, საკუთარი შვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.
გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






