ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული სამართალდამცავები ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. 11 პოლიციელი მოდულის შენობასა და თბილისის მტავარ სამმართველოში გადაანაწილეს. დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ ხვალ წაუყენებენ.
თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი პირები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.
ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის დავით ხაჟალიას განცხადებით, როგორც მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, აღნიშნული ბრალდებები უსაფუძვლოა:
„ეს არის ზღაპარი, რაც შეთხზა მთავარმა პროკურატურამ, ირაკლი ფირცხალავა ფიქრობს, რომ მას გაცილებით ადრე დააკავებდნენ, მაგრამ ეს ზღაპარი ვერ დაწერეს მანამდე, საკმაოდ საფუძვლიანად ფიქრობს იმასაც, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებიტ პროკურატურა ვერაფერს ახალს ვერ მოიძიებს და ვერაფერსაც ვერ დაამტკიცებს სასამართლოში.
არანაირად არ უკავშირდება მის ძმას ეს სპეცოპერაცია, ამას ფირცხალავა კატეგორიულად გამორიცხავს, ალბათ გავრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, იცნობდა თუ არა საერთოდ ხუბულოვს მისი ძმა, ბუნებრივია ამას დადასტურება სჭირდება, გამომდინარე აქედან ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს შურისძიებასა და დამდგარ შედეგს შორის“- აცხადებს ხაჟალია.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ე.წ კორტების სპეცოპერაცია ირაკლი ფირცხალავას მხრიდან ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ განხორციელებულ შურისძიებას დაუკავშირა.
„2006 წლის 07 აპრილს, სოდის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ იქნა ირაკლი ფირცხალავას ძმა ლევან ფირცხალავა. აღსანიშნავია, რომ ლევან ფირცხალავას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს, მის დაკავებამდე რამოდენიმე დღით ადრე მიაწოდა მოგვიანებით სპეცოპერაციის დროს მოკლულმა ალექსანდრე ხუბულოვმა, რის შესახებაც ცნობილი გახდა ირაკლი ფირცხალავასთვის. მისთვის, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა მისი თანამდებობრივი ავტორიტეტისა და რეპუტაციის ამგვარი ფორმით საფრთხის ქვეშ დაყენება, რის გამოც გადაწყვიტა ლიკვიდაციის გზით, შური ეძია მისი ძმის დაკავების საქმეში მთავარ ფიგურანტ ალექსანდრე ხუბულოვზე.
ირაკლი ფირცხალავას დანაშაულებრივი გეგმით, იგი შსს სხვა მაღალი თანადებობის პირებთან ერთად შეიმუშავებდა ალექსანდრე ხუბულოვის მიერ ყაჩაღობის მომზადების სცენარს და დანაშაულთან ბრძოლის საქვეყნოდ გაცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში, ,,წარმატებული“ სპეცოპერაციის ფორმით მოახდენდა ალექსანდრე ხუბულოვის ლიკვიდაციას, რითაც იგი ერთის მხრივ შურს იძიებდა ალექსანდრე ხუბულოვზე, რომელმაც ამხილა მისი ძმა ნარკოტიკებთან კავშირში, ხოლო მეორეს მხრივ ეს სპეცოპერაცია მას და მის თანამზრახველებს დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავების იმიჯის დაუმკვიდრებდა.“- აცხადებს პროკურატურა.
მასალის გამოყენების პირობები






