დღეს დილით ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ირაკლი ფირცხალავა, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების ყოფილი გამომძიებელი, ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური, კობა ნაკანი ამ წუთებში მთავარ პროკურატურაში ჰყავთ გადაყვანილი.
ირაკლი ფირცხალავამ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო ინტერვიუში დღეს დილით დაადასტურა, რომ ის და კობა ნაკანი პროკურატურის თანამშრომლებს უწყებაში გადაჰყავდათ.
ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომლების დაკავების შესახებ ინფორმაციის გაგების შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ თავად მივიდა კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, ირაკლი ქადაგიძე. შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ვაზაგაშვილების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მის შესაძლო დაკავებაზე ჯერ კიდევ გუშინ საუბრობდა და აცხადებდა, რომ სამართალდამცავებთან თანამშრომლობისთვის მზად იყო.
მასალის გამოყენების პირობები






