ტუჩის კანის მოვლისთვის ძალიან ეფექტური საშუალებაა ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული ნიღბები, რომელთა მომზადებაც სახლის პირობებშიც შეიძლება. თუ ნიღბის მომზადებას გადაწყვეტთ, უნდა გახსოვდეთ, რომ მასში კიტრის, გლიცერინისა და ლიმონის გამოყენება არ შეიძლება. ეს პროდუქტები ძალიან უხდება ცხიმიანი სახის კანს, მაგრამ თუ მათ ტუჩის ნიღაბში გამოვიყენებთ, ის ტუჩის კანს გამოაშრობს.
ტუჩის კანისთვის ისეთი ინგერდიენტები უნდა შეარჩიოთ, რომლებსაც მკვებავი ეფექტი აქვთ. ასეთი პროდუქტებია: ავოკადო, ატამი, ბანანი, არაჟანი, ზეითუნის, სიმინდისა და აბუსალათინის ზეთი. ტუჩის მკებავი ნიღბების მომზადება მხოლოდ ემალის ან შუშის ჭურჭელში შეიძლება.
კარგი იქნება, თუ თქვენს მიერ მომზადებულ ტუჩის მკვებავ ნიღაბს „А“ და „Е“ ვიტამინებს დაუმატებთ. ტუჩებისთვის ძალიან ეფექტურია მათი კალენდულისა და პიტნის ნაყენის ყინულით გაწმენდა. ეს პროცედურა მხოლოდ ერთი წუთის განმავლობაში უნდა ჩაიტაროთ. პირველი ეფექტი უკვე რამდენიმე დღეში იქნება შესამჩნევი.
ნიღბის წასმა ტუჩებზე მხოლოდ კოსმეტიკის ჩამობანის შემდეგ შეიძლება. ნიღბის წასმისას ტუჩის მასაჟი რეკომენდირებული არ არის. ნიღაბი ტუჩზე 10 წუთის განმავლობაში უნდა გაიჩეროთ, შემდეგ კი ბამბით მოიშოროთ. ამის შემდეგ, შეგიძლიათ ტუჩზე ბალზამი ან ჰიგიენური პომადა წაისვათ.
მასალის გამოყენების პირობები






