ლაითურელ ახალგაზრდებს ჯუდუ და იური ქაჯაიებს, როინ დუმბაძესა და ჯონი მიქელაძეს 7-10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ორივე მხარე-დაზარალებულიც და ბრალდებულიც-პროკურატურასა და პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებენ.
როგორც „გურიის მოამბეს“ კორესპონდენტი, სასამართლოდან იუწყება, ოზურგეთის რაიონული პროკურატურა 4 ლაითურელ ახალგაზრდას, რომელთა საშუალო ასაკი 25 წელიც არ არის, ახალგაზრდა ნასაკირალელი გოგონას თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.
პროკურორის, შოთა ჩხაიძის მიერ, დღეს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე ახალგაზრდა არ აღიარებს დანაშაულს, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და იძლევა ცრუ ჩვენებებს.
რის გამოც, პროკურორი დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ბიძინა სტურუასაგან გამოძიების პროცესში, აღმკვეთი ღონისძიების სახით, ოთხივე მათგანის წინასწარპატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.
პროკურატურა შიშობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ახალგაზრდები გავლენას მოახდენენ მოწმეებზე, რაც ხელს შეუსლის გამოძიებას და შეიყვანს მას ჩიხში.
„ამ ოთხმა ახალგაზრდამ, მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთის რაიონის დაბა ნასაკირალში უკანონოდ თავისუფლება აღუკვეთეს, მოქალაქე მზია ვანაძეს, ჩასვეს ისინი ჯონი მიქელაძის კუთვნილ ავტომანქანაში, მიუხედავად გოგონას არაერთი თხოვნისა და მოწოდებისა არ გაანთავისუფლეს ის, მოგვიანებით, მიიყვანეს სოფელ ბაილეთში თენგიზ ვანაძის საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგონამ გაუწია მათ წინააღმდეგობა, რისი მტკიცებულებაცაა ჯუდუ ქაჯაიასათვის ნაკაწრევი სახეზე და ქურთუკი. გოგონას მამამ სულიკო ვანაძემ გამოიძახა პოლიცია და პოლიციამ ბაილეთში, აღკვეთა რა ძალადობა, ფაქტზე დააკავა ქაჯაია“, -ბრძანა პროკურორმა.
ადვოკატმა მანუჩარ გოგრაჭაძემ, პროკურორის განცხადებებს, არაადეკვატური უწოდა. მან განაცხადა, რომ არანაირ გატაცებას ადგილი არ ჰქონია და მოსამართლეს მტკიცებულებების სახით გადასცა გამოკვლევის ოქმი და პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილი მზია ვანაძის განცხადება.
ჩვენი კრესპონდენტის თქმით, სასამართლო დარბაზმა ახალგაზრდების გულშემატკივრები ვერ დაიტია და ათეულობით მათგანს, პროცესისადმი დალოდება სასამართლოს შენობის ირგვლივ მოუხდა.
ლაითურლები მომხდარს აპროტესტებდნენ და პოლიციასა და პროკურატურას ძალადობაში ადანაშაულებდნენ.
„ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუ სასამართლო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც სიმართლე და ხალხის ინტერესია, სოფელი ვიწყებთ აქციებს, გადავკეტავთ გზებს და წავალთ უკიდურეს ზომებზე“ - ამბობს ლაითურელი დოდო თავართქილაძე.
პოლიციასა და პროკურატურას ზეწოლაში უშუალოდ სულიკო ვანაძეც ადანაშაულებს, ე.წ. „გატაცებულის“ მზია ვანაძის მამა, რომლის განცხადების საფუძველზეც მოხდა ახალგაზრდების დაპატიმრება: „ვეუბნები პოლიციას შემეშალა, არ ვიცოდი სხვები მეგონა, ესენი შეყვარებულები არიან, არანაირი პრობლემა არაა, შენც არ მომიკვდეთ, ზეწოლით, ძალდატანებით, გამომძიებლებმა და ამ პროკურორმა (შოთა ჩხაიძე-გ.მ.) დამაწერინეს ის ჩვენება, რომელიც საქმეში დევს, არაა სიმართლე, მაგრამ არ ესმით-ჩვენ ტყუილად ვიარეთ ამდენიო? მეუბნებიან“ - ამბობს მზია ვანაძის მამა.
„გთხოვთ დამიბრუნეთ ჩემი ქმარი, არანაირი გატაცება არ ყოფილა, არანაირი თავისუფლების აღკვეთა, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და გვსურს ოჯახის შექმნა“ , - უთხრა „გურიის მოამბეს“ მზია ვანაძემ.
სასამართლომ ოთხივე ახალგაზრდას აღმკვეთი ღონისძიების ნაცვლად გირაო შეუფარდა, ოღონდ ახალგაზრდები საპატიმროს მას შემდეგ დატოვებენ, როცა მის სანაცვლოდ 9-9 ათას ლარს გადაიხდიან.
პროკურატურა სასამრთლოს ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს ზემო ინსტანციაში გაასაჩივრებს.
თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას „გურიის მოამბე“ ინფორმაციის მოპოვებისთანავე შეგატყობინებთ.
თეა იოსელიანი-გურია
მასალის გამოყენების პირობები






