რამდენიმე წუთის წინ ლანჩხუთის ბაღების გაერთიანების ერთ-ერთი სპეციალისტი შესყიდვების დარგში ზურაბ ჩხაიძე ფინანსურმა პოლიციამ აიყვანა.
ამის შესახებ "გურიის მოამბეს" თვითმხილველებმა აცნობეს.
მათი განცხადებით ჩხაიძე რამდენიმე წუთის ცენტრალური უნივერმაღის წინ დაკავეს. პოლიციის მანქანაში ის ხელბორკილებით ჩასვეს
"ფული სად წაიღე"-ეს ერთადერთია, რისი მოსმენაც პოლიციისა და დაკავებულის საუბრიდან თვითმხილველებმა შეძლეს.
"ეს წუთია გამოვედი საკრებულოს სხდომიდან და მეც ახლა გავიგე. დეტალებს ვარკვევთ"-გვითხრა ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.
ლანჩხუთის ადმინისტრაციის შენობიდან ჩვენმა ჟურნალისტმა ამ წუთისთვის მხოლოდ იმ ინფორმაციის მოპოვება შეძლო, რომ ფინანსური პოლიცია აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის დათო დობორჯგინიძის დანიშვნის ხელშეკრულებასა და შესყიდვების დოკუმენტაციას ითხოვს. ძირითადად, როგორც საუბრებიდან ირკვევა ჩხაიძის დაკავება ქრთამის აღების ფაქტს უკავშირდება.
დაახლოებით ერთი თვის წინ "გურიის მოამბე" წერდა, რომ ლანჩხუთი ა(ა)იპ სკოლამდელი საგანმანათლებლო- სააღმზრდელო ცენტრში შიდა აუდიტი შევიდა. მოწოდებული ინფორმაციით, აუდიტის შესვლა ბაღებში ძირითადად საეჭვო ტენდერებსა და ფინანსურ დარღვევებს უკავშირდებოდა.
,,არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდება. აუდიტი ძირითადად მუშაობს ტენდერების კუთხით. იქ სადაც ტენდერი ტარდება, ძალიან დაბალია რისკი იმისა, რომ რაღაც დარღვევა იყოს , რადგან ყველაფერი ელექტრონულად ტარდება და ამდენად ყველაფერი გამჭვირვალეა. საერთოდ ეს თემა ჩემთვის აქტუალურია, როგორც ფინანსიტის, იმიტომ,რომ ყოველი წლის ბოლოს აუცილებლად უნდა მოხდეს ორგანიზაციის შემოწმება და თუ რამე ნაკლოვანებებია აღმოიფხვრას“_ ასეთი განმარტება მოგვცა მაშინ ხელმძღვანელმა დათო დობორჯგინიძემ.
ფინასური პოლიციის პრესსამსახურში ჩხაიძის დაკავების ფაქტს ადასტურებენ, დაკავების მიზეზებზე საუბრისგან კი თავს იკავებენ: "მისი დაკავების ფაქტს ვადასტურებთ, თუ რის საფუძველზე იქნა დაკავებული, ამის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებთ".
მასალის გამოყენების პირობები






