საჯარო მოხელეს თმენის ვალდებულების გარდა, აქვს სხვა ვალდებულებაც - ეს გახლავთ საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებლობის აღება და საზოგადოებისთვის არგუმენტურებული, ფაქტებით გამყარებული და უტყუარი ინფორმაციის მიწოდება. ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი საჯარო პირები და ზოგადად, პასუხისმგებლიანი ადამიანები.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, ამავე მოძრაობის წევრი და საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე, როგორც ჩანს, საზოგადეობაში თავის დამკვიდრებას ჩვეული, იაფფასიანი პიარის საშუალებით ცდილობს. ეს მისი და თავისი პარტიის გადასაწყვეტია, როგორ სტრატეგიას აირჩევენ საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის. მაგრამ, როდესაც საკუთარ პიარს სხვის წინააღმდეგ აგებულ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებზე აგებენ, რომლის „დამადასტურებელ“ ფაქტადაც მხოლოდ საკუთარი ენა მოჰყავთ, ეს უკვე პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა საჯარო პირის მხრიდან.
ამიტომ, საჯაროდ, საზოგადოდ მოვუწოდებ ბატონ დავით მჟავანაძეს წარუდგინოს მედიასაშუალებებს იმ ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები, ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტები და არა ჭორები, რის გამოთქმის უფლებასაც საკუთარ თავს აძლევს. მხედველობაში მაქვს შემდეგი ციტატა:
„როდესაც კანონიერი ქურდი, „რემენა” აეროპორტიდან გაქრა, შემოქმედში იმალებოდა ის ადამიანი და სამეფო პატივში იყო. ოზურგეთის ფაქტიური მმართველი უწევდა მასპინძლობას” - სადაც ის აღნიშნულ საკითხს პირდაპირ მე მიკავშირებს.
მჟავანაძემ ეს განცხადება 27 იანვარს „გურიის მოამბის” ვებგვერდის გადაცემა „მთავარ თემაში” გააკეთა.
იმ შემთხვევაში, თუ ის 10 დღის ვადაში ვერ წარმოადგენს მის მიერ წამოყენებული ბრალდების დოკუმენტალურ მტკიცებულებებს (ვიმეორებ, მტკიცებულებებს და არა თავისი ან თანამზრახველების მიერ გავრცელებულ ჭორებს) უფლებას ვიტოვებ, მივმართო სასამართლოს.
რაც შეეხება დავით მჟავანაძის განცხადებებს ნეპოტიზმთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში, რომელსაც ასევე ჩემს სახელს უკავშირებს, ვფიქრობ, მინიმუმ უხერხულია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ვინმეს მხრიდან ნეპოტიზმზე საუბრობდეს. მე მას ვურჩევდი, უახლესი წარსულისთვის გადაევლო თვალი.
მე რამდენადაც ვიცი, ახალმა ხელისუფლებამ საჯარო უწყებებში კონკურსის წესით შეარჩია მოხელეები.
მედიასაშუალებებს კი, რომლებიც ჩემი პასუხის გამოქვეყნებას საჭიროდ ჩათვლიან, გთხოვთ გამოაქყვეყნოთ უცვლელად, ინტერპრეტაციების გარეშე.
პატივისცემით, ილია კეჭაყმაძე
მასალის გამოყენების პირობები






