ჩვენ გასწავლით ყველაზე ეფექტურ, რამდენიმე მეთოდს, რომელიც პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.
1. ყველა სახის ქსოვილიდან, მცირე მოცულობის ახალი ლაქის ამოყვანა ადვილად შეიძლება შემდეგი მარტივი წესით: ლაქაზე ორივე მხრიდან დააფარეთ საშრობი ქაღალდი და თბილი უთოთი დააუთოეთ. ქაღალდი უნდა შეცვალოთ, მანამ, ვიდრე არ შეწყდება მასზე ცხიმის გადასვლა. ამავე მეთოდით ამოიყვანთ ქსოვილიდან პარაფინისა და ცვილის ლაქებს.
2. ახლად წარმოქმნილ ლაქას მარტივად დაამარცხებთ ღვინის სპირტით ან მაგარი ღვინის სპირტის (1 წილი) და აცეტონის (2 წილი), ან სკიპიდარისა და ღვინის სპირტის ნარევით.
3. შალის, აბრეშუმისა და ტრიკოტაჟის შეღებილი ქსოვილებიდან ლაქების ამოსაყვანად გამოიყენება საპონა – ველურად მზარდი მცენარე, რომელიც შეიცავს სარეცხ თვისებებს. ერთი წილ საპონას ძირი უნდა ადუღდეს 30 წილ წყალში, შემდეგ გაწურეთ, შეურიეთ ნიშადურის სპირტი (1 წილი) და ისევ დაუმატეთ წყალი (70 წილი). ცნობილია, რომ მიღებული სითხით ნებისმიერი წარმოშობის ლაქას დაამარცხებთ.
4. ზეთის ლაქების ამოსაყვანად კი თეთრი თიხისა და ბენზინისაგან დამზადებული ცომის მასა გამოიყენება. მსგავსი წარმოშობის, ზეთოვან ლაქაზე საჭიროა დაადოთ 3–4 მილიმეტრის სისქის ე.წ. ცომი და დატოვოთ მასზე სუნის გაქრობამდე. ცომის მოცილების შემდეგ თუ ქსოვილზე ნაკვალევი მაინც დარჩება, მის მოსაწმენდად სკიპიდარი გამოიყენეთ ან სკიპიდარისა და ბენზინის ნარევი, რომელიც ღია ფერისა და თეთრი ქსოვილებისათვისაც დასაშვებია.
5. ქსოვილიდან ლაქების ამოსაყვან ყველაზე ეფექტურ საშუალებად ე.წ. სუფთა გამხსნელები - მსუბუქი ბენზინი, აცეტონი, სკიპიდარი, ქლოროფორმი, გოგირდის ეთერი, ბენზოლი და ოთხქლოროვანი ნახშირბადი მიიჩნევა.
ჩამოთვლილი გამხსნელებით ლაქის მოცილებას შემდეგი მეთოდით შეძლებთ - ქსოვილის ქვეშ მოათავსეთ სითხის იოლად შემწოვი რბილი ნაჭერი, ან რამდენიმე ფენად დაკეცილი სუფთა საშრობი ქაღალდი. შეარჩიეთ ერთ-ერთი გამხსნელი, დაასველეთ მასში ბამბა, ღრუბელი ან რბილი ნაჭერი და დაიწყეთ ლაქის წმენდა ხელის წრიული მოძრაობით, შემდეგ კიდედან ცენტრისკენ მიმართული მსუბუქი მოძრაობით.
იმისათვის, რომ ლაქის წმენდისას ქსოვილზე ე.წ. შარავანდი არ გაჩნდეს, ქსოვილის დალაქავებული მონაკვეთი გარშემო წყლით ან ბენზინით დაასველეთ. უფრო ძვირფასი და ფერადი ქსოვილებიდან ლაქების ამოსაყვანად გამოიყენეთ მხოლოდ ბენზინი, რეცხვის გარეშე, რადგან მოსალოდნელია ქსოვილის როგორც ფერის ასევე გარეგნული ფორმის შეცვლაც. ქსოვილებს, რომლებიც იტანენ რეცხვას, მაგალითად: ბამბეული, სელი, აგრეთვე, მდგრადი შეფერილობის, გარეცხეთ საპნით. თუ ლაქა დიდი არაა, მისი ამოყვანის შემდეგ მხოლოდ ადგილობრივად გარეცხეთ ან წყალში დასველებული ბამბით გაწმინდეთ.
ანა კვაშილავა - სპეციალურად ნიუპოსტისთვის
მასალის გამოყენების პირობები






