ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით საგამოძიებო უწყებიდან ინფორმაციის გაჟონვა ნამდვილად ხდებოდა:
" ნამდვილად მოხდა ინფორმაციის გაჟონვა. ეს არ იყო განსაკუთრებული ინფორმაცია, თუმცა გვაძლევდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია გასულიყო გამოძიებიდან. პროკურატურაში და, ზოგადად, ძალოვან უწყებებში საკმაოდ ბევრნი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც წინა წლებში უშუალოდ იღებდნენ უკანონო გადაწყვეტილებებს. მათ ჰყავთ თავიანთი სანაცნობო, რომლებსაც ხელეწიფებათ ინფორმაციების გატანა უწყებიდან."- აცხადებს მოსიაშვილი.
ვაზაგაშვილის საქმე არ ყოფილა ერთადერთი, სადაც პროკურატურის მიმართ მსგავსი ბრალდებები გაჟღერდა. თითქმის ყველა გახმაურებულ საქმეზე გაჩნდა ეჭვი, რომ საგამოძიებო უწყებებში ამ საქმეებს ვიღაც შეგნებულად აფერხებდა, იქნება ეს ბუტა რობაქიძის, თუ ზურაბ ჟვანიას საქმეები. სწორედ ამის გამო, თავის დროზე იური ვაზაგაშვილი მთავარი პროკურორის იმდროინდელი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ საქმის აღძვრასაც კი ითხოვდა.
პროკურატურაში მასშტაბური საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ იურისტებიც. ადვოკატი მამუკა ნოზაძე „პრაიმტაიმს“ იმ პროკურორების ნაწილს უსახელებს, რომლებიც თავის დროზე „ადეიშვილის უკანონო დავალებებს ასრულებდნენ და ამჟამადაც საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს“.
"პროკურატურაში 80 პროცენტი ძველი კადრია, რომლებიც ადეიშვილისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდნენ. ბუნებრივია, ეს ადამიანები კავშირში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ამ პარტიის კონკრეტულ წარმომადგენლებთან და, ბუნებრივია, მათ აწვდიან ინფორმაციებს სხვადასხვა საქმის გამოძიების შესახებ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ადამიანების მიმართ აქვს გარკვეული მაკომპრომეტირებელი მასალები, ამიტომ ისინი იძულებულნი არიან, სხვადასხვა სახის ინფორმაციები მიაწოდონ."- აცხადებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე და იმ ადამიანების ვინაობას ასახელებს, რომლებიც მისი აზრით "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში არიან შემჩნეულნი:
"ეს არის თენგიზ ხარებევა, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის ფალსიფიცირებაში.
შიდა ქართლის საოლქო პროკურორი ბაკურ აბულაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გურჯაანის რაიონული პროკურატურის ერთ-ერთი რიგითი პროკურორი იყო. დღეს დააწინაურეს და შიდა ქართლის საოლქო პროკურორად გაამწესეს. ყველამ კარგად იცის, როგორ წინაურდებიან ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი არაფერ შუაშია.
თამარ აღლემაშვილი – მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი. ის ვანო მერაბიშვილის ნათესავი და „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია. თანამდებობაზეც ამ ნიშნით დანიშნეს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ რჩებიან თანამდებობებზე წინა ხელისუფლების ყოფილი რეკეტიორები.
ეს ადამიანები, ცხადია, ხელს უშლიან გახმაურებული საქმეების გამოძიებას. უკვე მესამე წელია, რაც ეს ხელისუფლებაა მართვის სათავეში.
თუ ხელისუფლებას დარჩა საღი აზროვნების უნარი, ის პროკურორები, რომლებიც უკანონო ქმედებებში იყვნენ შემჩნეულნი, თანამდებობებიდან უნდა გაათავისუფლოს. სხვა შემთხვევაში ისევ მათ შემოუტრიალდებათ, არჩევნები მოდის და საზოგადოება უკვე სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს."- აცხადებს ნოზაძე.
წყარო: "PrimeTime"
მასალის გამოყენების პირობები






