კადიევის ადვოკატის მალხაზ პატარაიას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი იყო ის, რომ აღნიშნული საქმის ადმინისტრაციული წარმოება და განხილვა პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობდა. მიკაილ კადიევს არ მიეცა თავისი პოზიციის წარმოჩენის შესაძლებლობა.
„სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და შესაბამისად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უარი მიკაილ კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უკანონოდ ცნო. სასამართლომ საქმე განსახილველად სამინისტროს დაუბრუნა. დღეს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა. მოსამართლემ თქვა, რომ აღნიშნული საქმის ადმინისტრაციული წარმოება და განხილვა პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობდა. მიკაილ კადიევს არ მიეცა თავისი პოზიციის წარმოჩენის შესაძლებლობა“- განაცხადა პატარაიამ
მიკაილ კადიევი და მასთან ერთად მყოფი რიზვან ომაროვი, სპეცოპერაციის შედეგად 2013 წლის 13 ივნისს თბილისში დააკავეს. შს სამინისტრომ იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა“. პროკურატურამ კი კადიევს და ომაროვს ბრალად იარაღის უკანონო შეძენა – შენახვა წარუდგინა. კადიევმა და ომაროვმა თავი დამნაშავედ არ ცნეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ იარაღი მათ კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებისას ჩაუდეს. სისხლის სამართლის საქმეში უტყუარი მტკიცებულებების არ არსებობის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ კადიევს და ომაროვს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მიკაილ კადიევის ექსტრადირება უკვე 2–ჯერ მოითხოვა. კადიევს რუსეთის პროკურატურა მკვლელობაში ადანაშაულებს, რასაც კადიევი უარყოფს და ამბობს, რომ ის განსხვავებული მოსაზრებების გამო იდევნება.
კადიევმა თავშესაფრის მიღების თხოვნით საქართველოს მთავრობას მიმართა, რაზედაც 2014 წლის 14 იანვარს უარი ეთქვა.
მასალის გამოყენების პირობები






