მედიაში ვრცელდება ვერსიები იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მოიაზრებდა იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის დაღუპვის საქმეზე წარმოებულ გამოძიებაში მთავარ მოწმედ.
ერთ-ერთი ვერსიით იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის დაღუპვის საქმის მთავარ მოწმედ, 2006 წლის ე.წ. კორტების სპეცოპერაციის შედეგად გადარჩენილ ბეთურიძეს გულისხმობდა. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატი, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, რომელიც ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე მუშაობს, ფუთურიძე ის პიროვნება არ არის, რომელზეც იური ვაზაგაშვილი საუბრობდა, რადგან მან სიმართლე უკვე თქვა.
2006 წელს ე.წ „კორტების სპეცოპერაციისას“ დაცხრილულ ავტომობილში მსხდომ პირთაგან ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ბონდო (ბუბა) ფუთურიძე საქართველოში არ იმყოფება. მან 2013 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჩვენება თავიდან მისცა, შემდეგ კი სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავიდა.
„ზურა და საშკა მოვიდნენ ჩემთან და შემომთავაზეს დაგვეყაჩაღებინა ვინმე, ზუსტად ვინ მეც არ ვიცი“- განაცხადა ფუთურიძემ სპეცოპერაციის შემდეგ გამართულ სასამართლოზე.
სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდებოდა, რომ მათ სპეცრაზმის წარმომადგენლებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც მოხდა პოლიციელთა მხრიდან ცეცხლის გახსნა. მოგვიანებით ბუთურიძესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
თუმცა მანამდე გამოძიებისთვის მიცემულ პირველად ჩვენებაში ფუთურიძე წერდა „ვაცხადებ, რომ გამოკვლეული ვაზნები და მჭიდი, რომელიც გამოძიების განმარტებით, თითქოს ამოღებულია ჩემი ტანსაცმლიდან მე არ მეკუთვნის, და თუ როგორ და რა ვითარებაში მოხდა მათი ამოღება ჩემთვის უცნობია.“
2012 წლის 26 ოქტომბერს ბონდო ფუთურიძემ საიას ადვოკატ გაგი მოსიაშვილს ახსნა-განმარტება მისცა, რითაც მან უარყო სასამართლოში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ სასამართლოში დაფიქსირებული ჩვენება ზეწოლის შედეგს წარმოადგენდა. როგორც მოსიაშვილი ამბობს, ფუთურიძემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ ის და მისი მეგობრები არც საყაჩაღოდ მიდიოდნენ და არც იარაღი ჰქონიათ.
მასალის გამოყენების პირობები






