ავთანდილ მარტიაშვილი ირანიდან სომხეთში ნარკოტიკების მსხვილი პარტიის, ერთ ტონამდე ჰეროინის გადაზიდვაშია ბრალდებული. სომხეთ-ირანის საზღვარზე ის 2013 წლის 17 იანვარს დააკავეს.
რეგიონისათვის უპრეცენდენტო ოდენობის ნარკოტიკული ტვირთის ტრანსპორტირებისას ავთანდილ მარტიაშვილი თურქეთის მოქალაქე ოსმან უგურლუსთან ერთად იმყოფებოდა.
მათ მანქანა თბილისში, ელიავას ბაზრობაზე სარემონტო მასალით დატვირთეს და თეირანში გაემგზავრნენ. უკანა გზაზე კი გაწვრთნილი ძაღლის მეშვეობით ჩატარებული ჩხრეკის დროს სომეხმა მესაზღვრეებმა ავტომობილში სამალავები აღმოაჩინეს. მარტიაშვილი ადგილზე, თურქეთის მოქალაქე კი იმავე დღეს ერევანში ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. მარტიშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამალავების შესახებ ბრალდებულმა არაფერი იცოდა.
თურქეთის მოქალაქე ოსმან უგურლუს სასამართლომ 19 წლით პატიმრობა შეუფარდა.
სომხური მედიის ცნობით, მარტიაშვილის ადვოკატი თეიმურაზ მაისურაძე, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






