ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი დოკუმენტები გენდერულ იდენტობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ, განურჩევლად იმისა, ჩატარებია თუ არა სქესის კორექციის ქირურგიული ოპერაცია.
ამგვარი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გენერალური პროკურორის მოადგილის დინა ზილბერისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის უწყებისა და იუსტიციის სამინისტროს ჩინოვნიკთა ერთობლივი კონსულტაციის შედეგად.
გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა შეიქმნა მაშინ, როდესაც ორმა ტრანსგენდერმა ქალმა უმაღლეს სასამართლოში საჩივარი შეიტანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალებს უარი განუცხადა მდედრობითი სქესის აღმნიშვნელი დოკუმენტების გაცემაზე, რადგან მათ არ ჩაუტარებიათ სქესის კორექციის ოპერაცია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია იმაში მდგომარეობდა, რომ შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო მოყვანილი განმცხადებელთა პენისი და გენდერული იდენტობა. ამგვარი მიდგომა ეფუძნება გაუმართლებელ და დრომოჭმულ წარმოდგენებს“, – ნათქვამია საჩივარში.
მოსარჩელეები ასევე აცხადებდნენ, რომ ოპერაცია ჯერჯერობით არ სჭირდებათ. საბოლოო ჯამში, სასამართლომ მათ საბუთებში სქესის შეცვლის ნება დართო. ამ პრეცედენტის საფუძველზე, ანალოგიური სახით მოქცევა ამიერიდან სხვა ტრანსგენდერებსაც შეუძლიათ.
დინა ზილბერი განმარტავს, რომ ამიერიდან, სქესის კორექციის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის კომიტეტი დაადგენს სქესის კორექციის არაქირურგიული გზის კრიტერიუმებს და განიხილავს მოქალაქეების განაცხადებს დოკუმენტების შეცვლასთან დაკავშირებით.
შარშან მაისში მიღებული ახალი წესების თანახმად, სქესის კორექციის ოპერაციის დანიშვნაზე პასუხისმგებელია სპეციალური კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, უროლოგი, ენდოკრინოლოგი, გინეკოლოგი და ლგბტ თემის წარმომადგენელი. იგივე კომიტეტი ადგენს ჰორმონული პრეპარატების მიღების აუცილებლობას.
წყარო http://17maisi.org/
მასალის გამოყენების პირობები






