იერუსალიმის სასამართლომ პეტერბურგელი მღვდელის რუსეთში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. რუსი სასულიერო პირი გლებ გროზოვსკი პედოფილიაშია ბრალდებული.
სასამართლომ ისრაელის პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მისი გადაწყვეტილების თანახმად ბრალდებული რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემათ და ის ციხეში დარჩება.
სისხლის სამართლის საქმე გროზოვსკის წინააღმდეგ 2013 წლის ნოემბერში რუსეთში აღიძრა. გამოძიების მიხედვით 2013 წელს , საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე, მართლმადიდებლურ ბანაკ „ფილადელფიაში“ ყოფნისას, გროზოვსკიმ 9 და 12 წლის გოგონებზე იძალადა.
რუსეთის სასამართლომ გროზოვსკის დაპატიმრება დაუსწრებლად მიუსაჯა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
გლებ გროზოვსკი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ისრაელში იმყოფებოდა და მან სამშობლოში დაბრუნებაზე უარი განაცხადა. ის ისრაელის ინტერპოლის განყოფილებამ 2014 წლის სექტემბერში დააკავა.
ძიების დასრულებამდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება აეკრძალა.
მასალის გამოყენების პირობები






