უწმინდესმა ქადაგებისას დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის წმინდა სამების გაცხადების დღე, როდესაც იორდანეში ნათელიღო ძე ღვთისამ, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და მასზე სულიწმინდა "სახითა მტრედისათა" გადმოვიდა, ზეციდან კი ხმა გაისმა, რომ იგი იყო ძე მისი საყვარელი.
"დღეს მთელი ქვეყანა განიწმინდება. ხილული და უხილავი მტერი დათრგუნულია. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გააღებს თავის გულის კარს და წმინდა სამება, მამა, ძე და სულიწმინდა შევა მის გულში. ყოველი ადამიანის გული უნდა გახდეს სავანე წმინდისა სამებისა. აი, დღეს ჩვენ უნდა ვიგრძნოთ ჩვენი უღირსება, დღეს უნდა გავიწმინდოთ ჩვენი სული, გონება, გული, ჩვენი უძლურება და ვთხოვოთ უფალს შენი ვარ, მაცხოვნე მე, ცოდვილი ვარ, მაგრამ მაცხოვნე მე. დღეს ყოველი ჩვენგანი განიწმინდება ნაკურთხი წყლით. აიაზმა არის ბერძნული სიტყვა და სიწმინდეს ნიშნავს. ეს სიწმინდე უნდა იყოს ყველა ადამიანის სახლში", - აღნიშნა პატრიარქმა.
დიდი აიაზმა წელიწადში ორჯერ იკურთხება და იგი ხდება ნათლისღების დღესასწაულის წინა დღეს და ნათლისღებას.
პატრიარქმა მიმართა მრევლს, დიდი აიაზმის ნაკურთხი წყალი მცირედით, ყოველდღე მიიღონ და ასხურონ საკუთარ საცხოვრებელს, ქუჩას.
პატრიარქის თქმით ხალხს შეუძლია ეს წყალი გაამრავლოს კიდეც სუფთ წყლის დამათებით.
პატრიარქმა მრევლს ურჩია, წელიწადში ერთხელ აკურთხონ კარ-მიდამო, სახლი და დაიცვან საკუთარი საცხოვრებელი ხილული და უხილავი მტრებისაგან.
"ეს უდიდესი სასწაულია. ამას კაცის გონება ვერ ახსნის. სულიწმინდის მადლი გადმოდის წყალზე და განიწმინდება მთელი მსოფლიო", - განაცხადა უწმინდესმა.
დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ასევე ჩვილთა საყოველთაო ნათლობა შესრულდება.
მასალის გამოყენების პირობები