_ ქალბატონო კარინა, თქვენი წამოსვლა შსს-დან დაემთხვა საყოველთაო ამნისტიით ათასობით ადამიანის გათავისუფლებას, შესაბამისად 200-მდე პატიმარს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიენიჭა და გამოვიდნენ ციხიდან, რაც თქვენი აღშფოთების მიზეზი გახდა და შსს-დან წამოხვედით.
_ როგორც მოგეხსენებათ 8 წელი ვმუშაობდი შსს სპეცსამსახურებში და არაერთ გახმაურებულ საქმეში მიმიღია მონაწილეობა, რაზედაც მიღებული მაქვს ვახტანგ გორგასლის ორდენი. მათ შორის მიმუშავია ჯაშუშების საქმეზედაც. მე ზუსტად ვიცი, რამხელა შრომა და ძალისხმევა დასჭირდა მათ გამოვლენას. ჩემი შსს-დან წამოსვლა სწორედაც რომ განაპირობა იმ ფაქტმა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ჯაშუშები პოლიტპატიმრებად შერაცხა და ისე გაათავისუფლა ციხეებიდან. მე მესმის, რომ ამინისტია არის ჰუმანური აქტი და არც არაფერი მაქვს საწინააღმდეგო როგორც ადამიანს, მაგრამ ჯაშუშების გათავისუფლება, მიმაჩნია რომ იყო არასახელმწიფოებრივი ნაბიჯია. იმ დროს, როდესაც ქვეყნის 40% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და რუსეთის ჯაშუშებს ათავისუფლებენ როგორც პოლიტიკურ პატიმრებს, ეს უბრალოდ დაცინვაა. მე, როგორც ამ საქმეში ჩახედულ პირს, ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ამ გადაწყვეტილების უკან არ დგას რუსეთის სახელმწიფოს ინტერესები.
თქვენთან ერთად კიდევ ვინმემ ხომ არ დატოვა სამინისტრო?
- შსს-ში დღესაც მუშაობენ პატრიოტი ადამიანები და თავისი საქმის პროფესიონალები, რომლებთანაც მქონდა საუბარი აღნიშნულის თაობაზე. ისინიც ასევე გულგატეხილები არიან. მე მესმის მათი, რადგან მათ უკან დგანან მათი შვილები, ოჯახები და გასაგები მიზეზების გამო ყველა ვერ მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას დიდი სურვილის მიუხედავად.
_ რამდენადაც ცნობილია, თქვენ საკმაოდ ახლო ურთიერთობა გაქვთ ბაჩანა ახალაის მეუღლესთან, თქვენი სამსახურიდან წამოსვლა ხომ არ იყო განპირობებული ახალაიას დაპატიმრებასთან?
- ქალბატონ ანისთან ნაცნობობის ფაქტი ვერნაირად ვერ იქნებოდა ჩემი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი. მე ქალბატონო ანი შსს-დან წამოსვლის შემდეგ , სრულიად შემთხვევით გამაცნო ჩემმა მეგობარმა, აქედან გამომდინარე, ჩემი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ბაჩანა ახალაიას დაპატიმრება.
_ როგორ ფიქრობთ, რის საფუძველზე მოხდა თქვენთვის ღირსების ორდერის გადმოცემა?
_ მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ღირსების ორდენის გადმოცემა იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. ეს კითხვა, ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის და არ მე. პასუხიც ალბათ მისი გამოსვლიდან შეგიძლიათ ამოიღოთ.
_ რას საქმიანობთ ახლა და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
_ ამჟამად ვაპირებ სამოქალაქო აქტიურობას ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ. სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროში დავიწყებდი მუშაობას, სტუდენტობიდან მოყოლებული, ვიყავი სხვადასხვა სტუდენტურ მოძრაობაში, შემდეგ არასამთავრობო სექტორში ვმუშაობდი. ასე რომ, ეს ყველაფერი ჩემთვის უცხო არ არის. ვფიქრობ, დღეს აქ უფრო საჭირო ვარ.
მარი ცინცაძე
სპეციალურად ნიუპოსტისთვის
მასალის გამოყენების პირობები






