დღეს საქალაქო სასამართლოში, IDFI-ს ყოფილი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესზე იმსჯელებენ და მოხდება განსაზღვრა, კლდიაშვილის მიერ კუთვნილი საკოლექციო იარაღის დაშლილ მდგომარეობაში გადატანა იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა თუ სისხლის სამართლის დანაშაული.
შეგახსენებთ, რომ იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით გიორგი კლდიაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 2014 წლის 12 დეკემბერს დააკავა, როდესაც მას კუთვნილი და მასზე ოფიციალურად რეგისტრირებული, ოთხ ნაწილად დაშლილი ცეცხლსასროლი საკოლექციო იარაღი, ტყვიისა და მჭიდის გარეშე, იარაღის ოფიციალურ მაღაზიაში შეკეთების შემდეგ, სახლში გადაჰქონდა.
დაკავების შემდგომი ორი დღის მანძილზე გიორგი კლდიაშვილი მოთავსებულ იქნა წინასწარი პატიმრობის იზოლატორში, თუმცა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვერ დაასაბუთა გიორგი კლდიაშვილის 2 დღით დაკავების საფუძვლიანობა.
დაკავებისას შსს-ს წარმომადგენლებმა კლდიაშვილს ესაუბრნენ მისი ორგანიზაციის საქმიანობის და იმ სამოქალაქო კამპანიის - „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ შესახებ, რომელშიც ის აქტიურადაა ჩართული.
IDFI მიიჩნევს, რომ მიუღებელია კანონდამცველი ორგანოების მიერ გიორგი კლდიაშვილის სამოქალაქო აქტივიზმზე მითითება და მისი უსაფუძვლო მოთავსება წინასწარი პატიმრობის იზოლატორში წარმოადგენს ზეწოლას პირადად გიორგი კლდიაშვილზე და ირიბ დარტყმას ორგანიზაციასა და ზოგადად, სამოქალაქო სექტორზე.
IDFI მიიჩნევს, რომ გიორგი კლდიაშვილის მიერ საკუთარი იარაღის ხელოსნისგან სახლში შესაბამისი ნებართვის გარეშე გადატანა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და არა სისხლის სამართლის დანაშაულს.
მასალის გამოყენების პირობები






