_ ქართული ეკონომიკის არამდგრადობაზე წლების მანძილზე საუბრობდნენ, ახლა კი ახალი ხელისუფლების პირობებში არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ის სტაბილურობაც დაიკარგება, რაც მეტნაკლებად გვქონდა ამ სფეროში?
_ უკვე კარგ ტენდენციად მეჩვენება საქართველოში სხვადასხვა მთავრობების საქმიანობის შედარება, შეჯიბრობითობა, ჯანსაღი კონკურენცია. ასეა დემოკრატიულ ქვეყნებში ერთი მთავრობა სხვა მთავრობით იცვლება და მათი საქმიანობა და მიღწევები საზოგადოების განსჯის საგანი ხდება. ახალი მთავრობის საქმიანობა იმდენად მცირე პერიოდს მოიცავს, რომ სრულფასოვანი შედარება შეუძლებელია, თუმცა საინტერესო მიმართულებები გვაქვს სახეზე. რაც შეეხება უშუალოდ კითხვას, წინა მთავრობის დროს ეკონომიკური სტაბილურობა და მდგრადობა, ნებსით თუ უნებლიედ, დამოკიდებული იყო საზღვარგარეთულ ინვესტიციებზე, საერთაშორისო ვაჭრობაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ა.შ. ამის ინდიკატორი არის ის რომ საქართველოში მდიდარ ბიზნესმენებს შორის ჭარბობს იმპორტიორი კომპანიების მფლობელები.
დღევანდელი მთავრობა საზღვარგარეთულ ინვესტიციებს მნიშვნელოვან პრიორიტეტს უტოვებს და ამასთან ერთად საკუთარი ეკონომიკური რესურსების გამოყენების გაფართოებასაც გეგმავს.
ამას დასადასტურებლად ორ ფაქტს გამოვყოფ: პირველი, პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი ერთ–ერთი პირველი ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა. თუ გადავხედავთ 2013 წლის ბიუჯეტს, დავინახავთ რომ შემოსავლების ნაწილში მოგების გადასახადის რაოდენობა 900,0 მილიონ ლარზე მეტია, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნეს–სუბიექტები საქართველოში 5,0 მილიარდ ლარზე მეტ მოგებას მიიღებენ მიმდინარე წელს. ეს არის სწორედ პოტენციური სამამულო საინვესტიციო რესურსი, რომლის საინვესტიციო ფონდებში განთავსების შეთავაზება ან რეინვესტიციის წინადადება მიიღო ქართველმა ბიზნესმენებმა პრემიერ–მინისტრისაგან.
მთავარია, დღევანდელმა მთავრობამ მეწარმეებს შეუქმნას განცდა, რომ მათი ბიზნესი დაცულია, ქონება ხელშეუხებელია, საქმიანობაში ჩარევა გამორიცხულია. რაც ძალიან რთული მაგრამ აუცილებელი პროცესია. თუ ეს განცდა იგრძნო ბიზნესმა თავისუფალი კაპიტალის მფლობელი თავად გადაწყვეტს სად, როგორ, რამდენი ინვესტიცია განახორციელოს, რაც რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სამუშაო ადგილების შექმნის გარეშე წარმოუდგენელია.
მეორე ფაქტი, იქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდი. აღარ გავიმეორებ უკვე გაჟღერებულ იმ სიკეთეების ჩამონათვალს,რაც ამ ფონდს შეუძლია, მხოლოდ ერთს დავამატებ: ზოგადად, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის, ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ–ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს მშპ–თან მიმართებაში იმპორტის წილის შემცირება სამამულო პროდუქციის ზრდის ხარჯზე, რაც ეკონომიკური მდგრადობისა და სტაბილურობის ნიშანია.
პატარა მაგალითი, აშშ–ში იმპორტი მშპ–ის 10%–ის ფარგლებშია, ესე იგი ამერიკელების მოხმარებაში ადგილობრივ პროდუქციას უმნიშვნელოვანესი წილი უკავია. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? იმპორტი მშპ–ის 70–75 %–ში მერყეობდა. ის რომ ერთი მილიარდი სოფლის მეურნეობაში ჩაიდება გამოიწვევს სოფლის მეურნეობის პროდუქციის საერთო მოხმარებაში ადგილობრივი ნაწარმის წილის გაზრდას. ამ შემთხვევაში საქართველო უფრო ნაკლებად დამოკიდებული იქნება სხვა ქვეყნებზე.
ეს ორი ფაქტი მიუთითებს რომ ახალი მთავრობა ახდენს ეკონომიკური პოლიტიკის გადაორიენტირებას სტაბილურობის საგარეო წყაროებიდან საკუთარ ეკონომიკურ რესურსებზე, რათა მთლიანად არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენებზე.
_ რამდენად გეგმაზომიერი და კომპეტენტური მიდგომა აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებაში?
_ გეგმაზომიერებისა და კომპეტენტურობის თვალსაჩინო მაგალითი იყო ყბადაღებული თემა ბაქო–ახალქალაქი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი.
ჩემი აზრით, ივანიშვილი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, როცა ეს თემა ამოწია უშუალოდ ბაქოში ვიზიტამდე და დაანახა მეორე მხარეს, რომ თამაშის წესები შეიცვალა. კერძოდ, წინა მთავრობის დროს მნიშვნელობა ენიჭებოდა ინვესტიციებს და მშენებლობებს და რა ფისკალურ და ეკონომიკურ ეფექტს აძლევდა სახელმწიფოს მეორე პლანზე იყო გადაწეული. ამის მაგალითია თუნდაც ეს რკინიგზა. წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანი ფოთიდან საზღვრამდე 1 ტონა ტვირთის გადასატანად გვიხდიდა 18–22 დოლარს, ამას დამატებული პორტის მომსახურეობა, ახალ რკინიგზაზე ტვირთის გადასატანად გადაგვიხდის სავარაუდოდ 4–6 დოლარს. განსხვავება ძალიან დიდია. ივანიშვილმა დიპლომატიურად მიუთითა აზერბაიჯანულ მხარეს, რომ თამაშის წესი „ინვესტიცია–ინვესტიციისთვის“ იცვლებოდა ფორმულით „ინვესტიცია–ქვეყნის კეთილდღეობისთვის“ და საუბრები იმაზე რომ ჩვენ იაფად გვაძლევს ბუნებრივ აირს დამთავრებულიყო. თუ აზერბაიჯანი ამ რკინიგზით გადაიტანს წელიწადში 5 მლნ ტ ტვირთს გამოდის რომ ის გაზს გვაწვდის ჩვეულებრივი საბაზრო ფასით, თუ მეტს გადაიტანს უფრო ძვირი დაგვიჯდება, რადგან ტრანზიტში ჩვენს მიერ ფასდათმობა გადააჭარბებს ბუნებრივ აირზე ჩვენთვის დაწესებულ შეღავათებს.
_ რაც შეეხება ინვესტიციებს, რა ტენდენციას ხედავთ ამ მიმართულებით?
_ ტენდენციები გამოკვეთილია, ახალმა მთავრობამ დაიწყო სერიოზულ ფინანსურ ჯგუფებთან მოლაპარაკება ინვესტიციების განსახორციელებლად და პარალელურ რეჟიმში ცდილობს რაციონალურად გამოიყენოს სამამულო საინვესტიციო რესურსიც, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. დავოსის ეკონომიკური ფორუმზე საქართველო უნდა წარსდგეს საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყნის იმიჯით. სასწრაფოდ უნდა გაფორმდეს ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებები სხვადასხვა ქვეყნებთან, რომელიც ინვესტორების დაცვის საერთაშორისო მექანიზმია.
მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს ინვესტიციების მოზიდვის ერთ–ერთ მთავარ მნიშვნელოვან საშუალებას – ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას. ეს არის ორგანიზებული ბაზარი, რომელიც ხელს უწყობს საინვესტიციო რესურსების რაციონალურად განაწილება–გადანაწილებას, ეს არის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს „შემოსავალი–ხარჯების“ ნაკადიდან დანაზოგის სახით გამოსული თითოეული ლარის საინვესტიციო ლარად გადაქცევას, ეს არის ბაზარი, რომელიც ქართველ მეწარმეებს იაფ ფულს შესთავაზებს და ძვირადღირებული საბანკო კრედიტი უალტერნატივო აღარ იქნება.
საფონდო ბაზრის განვითარების და მნიშვნელობის შესახებ კარგად უნდა იცოდეს პრემიერ–მინისტრმა, მის დეკლარაციას თუ გადავხედავთ დავინახავთ რომ სწორედ საფონდო ბირჟების მეშვეობით ახდენდა ინვესტიციების განხორციელებას მსოფლიოში ცნობილი კომპანიების აქციებში.საქართველოში საფონდო ბაზრის განვითარებაში ლოკომოტივის როლი შეეძლო ეთამაშა პრივატიზაციის პროცესს. მიმაჩნია რომ უმსხვილესი ქართული საწამოების პრივატიზება სწორედ რომ საფონდო ბირჟის მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო, ყოველივე ეს ხელს შეუწყობდა ქვეყანაში აქციონერთა ფენის წარმოშობას.
_ რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, თქვენი აზრით რას ემსახურებოდა ჯერ რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაანონსებული გაუქმება და შემდგომ უკან წაღება ამ განცხადების? გზების სფეროში ყველაფერი წესრიგშია?
_ ზოგადად მიუღებლად მიმაჩნია სხვადასხვა სამინისტროები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობაში. ინფრასტრუქტურა მაინც ეკონომიკის სამინისტროსთან ასოცირდება, რაც შეეხება რეგიონალური განვითარების სამინისტროს, ის შეიძლება არსებობდეს, მისი საქმიანობა განისაზღვროს რეგიონალური განვითარების პროგრამების შექმნით, დარგში პოლიტიკის გატარებით, რეგიონებში პრობლემებზე მუშაობით და არა გზებისა და ხიდების მშენებლობებით. გზებისა და ხიდების მშენებლობა შესაბამისმა სამშენებლო კომპანიებმა უნდა განახორციელონ. ამ სამინისტროს ძალიან დიდი ბიუჯეტი აქვს, მე მიმაჩნია რომ ჩვენს ქვეყანაში სამინისტროები კი არა კონკრეტული პროექტები უნდა ფინანსდებოდეს, რასაც ითვალისწინებს სწორედ პროგრამული ბიუჯეტი.
_ რა ტენდენციაა საგარეო ვალებთან მიმართებაში და როგორ იმოქმედებს ეს საქართველოს ეკონომიკაზე?
_ დღესდღეობით მსოფლიოში ქვეყანა არ არსებობს საგარეო თუ საშინაო ვალი რომ არ ჰქონდეს. ჩვენი საგარეო ვალი საშიშ ზღვრამდე არ არის მისული და ამ მხრის საგანგაშოც არაფერია. მთავარია აღებული კრედიტი მიზანმიმართულად იქნას დახარჯული და კონკრეტულმა პროექტებმა დადებითი შედეგები მოგვცეს. რაც შეეხება შიდა ვალს, აქ ცოტა განსხვავებული შეხედულება მაქვს. ზოგადად მიმაჩნი,ა რომ ქვეყანამ თავისი შემოსავლებით უნდა იცხოვროს და ბიუჯეტის შემოსავლების არ უნდა შედგებოდეს შიდა ვალით მიღებული სახსრებისგან. ბუნებრივად მიმაჩნია სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება კონკრეტული პროგრამების დასაფინანსებლად და არა ბიუჯეტის შესავსებად. წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრო უშვებს სხვადასხვა ვადიან ფასიან ქაღალდებს. იმ ქვეყანაში, რომლის ეკონომიკური რესურსები მთლიანად გამოყენებული არაა, იმ ქვეყანაში სადაც უმუშევრობა მთავარი პრობლემაა, იმ ქვეყანაში სადაც ამ პრობლემის დასამარცხებლად მთავრობის მთავარი მიზანი უნდა იყოს კაპიტალის ბაზრის შევსება – კერძო სტრუქტურებიდან ამ სახაზინო ვალდებულებებში დაბანდებული თითოეული ლარი სწორედ რომ კაპიტალის ბაზარს აკლდება.უნდა გვახსოვდეს სამუშაო ადგილებს ქმნის თავისუფალი პოტენციური საინვესტიციო რესურსი კერძო მფლობელის ხელში და არა სახაზინო ვალდებულებებში დაბანდებული კაპიტალი.
ასეთი მდგომარეობაა ეროვნული ბანკის მხრივაც,რომლის გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს იძენენ კომერციული ბანკები და თან 5–6 პროცენტში. ეს რას ნიშნავს? კომერციული ბანკების საკრედიტო რესურსების შემცირებას, იგივე თანხები შესაძლებელი იყო კომბანკებს გაეცათ მეურნეობის სხვადასხვა დარგების დასაკრედიტებლად, საკრედიტო რესურსების შემცირება იწვევს საპროცენტო განაკვეთის ზრდას და ყოველივე ეს ბადებს კითხვებს: კომერციულ ბანკებს მხოლოდ ეროვნული ბანკისთვის აქვს იაფფასიანი საკრედიტო რესურსები? სამომხმარებლო კრედიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებით კომერციული ბანკები ხომ არ ახდენენ კომპენსირებას ეროვნული ბანკის ფასიან ქაღალდებში დაბანდებული იაფი საკრედიტო რესუსრსების? და საერთოდ ეროვნული ბანკი არის კომერციული ბანკებისათვის ბოლო იმედის კრედიტორი, საპირისპიროდ კომერციული ბანკები იძენენ ეროვნული ბანკის დაბალპროცენტიან ფასიან ქაღალდებს და ამით ზედმეტან ხომ არ არიან ერთმანეთთან შეზრდილნი?
ერთ–ერთმა ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა დათვალა და დაადგინა რომ ერთი სამუშაო ადგილის შესაქმნელად საჭიროა 50 ათასი აშშ დოლარი, ანუ რამდენი 50 ათასი დოლარიც დაბანდდება ფინანსთა სამინისტროსა თუ ეროვნული ბანკის ფასიან ქაღალდებში იმდენი სამუშაო ადგილი ვეღარ შეიქმნება. სამთავრობო სტრუქტურებმა თავიანთი საქმიანობით თავისუფალი ფულადი სახსრები კი არ უნდა შთანთქონ, არამედ ხელი უნდა შეუწყონ მათ გაფართოებაში. რაც დღესდღეობით საქართველოში ამ კუთხით ხდება მაკროეკონომიკაში მას გაძევებიან ან განდევნის ეფექტს უწოდებენ.
_ რაც შეეხება ტარიფებს. ხალხი, ამ ხელისუფლების მოსვლამდე ელოდა მათ განახევრებას, ახლა კი დიდი ვნებათაღელვის შემდეგ ძლივს მიაღწიეს იმას, რომ 3-4 თეთრით დაიკლო დენზე და გაზზე ჯერ კიდევ გაურკვეველია. რა ტენდენციას ხედავთ? ხომ არ უჭირს ხელისუფლებას ამ მიმართულებით დანაპირების შესრულება და თავის ქმედებას ობიექტური მიზეზებით ხსნის?
_ ახალმა ხელისუფლებამ დიდი მოლოდინები გააჩინა მოსახლეობაში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტარიფებთან დაკავშირებით. გაზის ტარიფთან დაკავშირებით სემეკის გაანგარიშებაში ძალიან დიდი 10%–იანი დანაკარგი სრულიად უსაფუძვლოა, მაშინ როდესაც საერთაშორისო სტანდარტით ის 2%–ს არ აღემატება. ასევე არ მომისმენია ობიექტური მონაცემები, თუ რატომ არის შესასყიდი ფასი დღგ–ს გარეშე 299,58 თეთრი, მაშინ როცა შეწონილი ფასი დღგ–ს გარეშე შეადგენს მაქსიმუმ 160 ლარს. მესამე არაადექვატური კომპონენტი საექსპლუტაციო ხარჯებია – ეს სამი კომპონენტი დაუსაბუთებელია და სწორედ ესენი იწვევს მაღალ ტარიფს. ერთი კუბური მეტრი დღგ–ს გარეშე არ უნდა აღემატებოდეს 25 თეთრს, ყოველშემთხვევაში სემეკმა, რომელსაც ყველა ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი დაასაბუთოს დღევანდელი ფასი. რაც შეეხება ელექტროენერგიის ფასს, შეუიარაღებელი თვალითაც რომ გადავხედოთ 2 მონაცემს დასკვნებს თავადაც გამოვიტანთ. კერძოდ, ჰესები 1 კილოვატს ყიდიან 1,8–2 თეთრად და ეს ენერგია მოსახლეობამდე მიდის 16 თეთრად. მე საერთოდ არასამართლიანად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ინვესტიციების კომპონენტია ტარიფში ჩადებული, რატომ უნდა იხადოს აბონენტმა ინვესტიციების განსახორციელებელი თანხა, როცა ამ ინვესტიციების განხორციელების შედეგად მოგებას მიიღებს კერძო კომპანია? თელასის მეპატრონეს თუ სურს მოგების მიღება ინვესტიციები, საკუთარი ფინანსური რესურსებით უნდა განახორციელოს.
მესამე მნიშვნელოვანი მოლოდინი იყო საწვავის ფასების გაიაფება. საერთოდ მიმაჩნია, რომ ენერგოსექტორი იმსახურებს დიდ ყურადღებას და ცოტაოდენ პრივილეგირებულ რეჟიმსაც. დღეს საქართველოში ნავთობკომპანიები არ არსებობენ, ესენი უფრო სავაჭრო ორგანიზაციები არიან. დედამიწის ერთ წერტილში ყიდულობენ პროდუქციას და ყიდიან მეორე ნაწილში. ესე იყო და ესე გრძელდება ეხლაც და ალტერნატივა არც არავის გამოუთქვავს. თუნდაც ის, რომ რა მოხდება თუ ნედლი ნავთობის იმპორტი გათავისუფლდება დღგ–სგან, ამ შემთხვევაში მიმზიდველი აღმოჩნდება ნავთობგადამამუშავებელი ბიზნესი, თავისუფალი კაპიტალი შევა ამ სფეროში, აშენდება ქარხნები, შეიქმნება სამუშაო ადგილები და საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტები ფასით კონკურენციას გაუწევენ იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებს.
_კალაძე ამბობს, რომ თუ კომპანიები არ დაწევენ ტარიფებს, ძალიან გაძნელდება შეღავათების გაწევა, სხვა სახის სუბსიდიებს კი ვერ გაწევენ, რადგან ევროკავშირითაა აკრძალული. ამაზე თქვენი აზრი.
_ მოდი ასე ვთქვათ, ვინ ადგენს დღეს ელექტროენერგიის ტარიფს? ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ვინ აფინანსებს ამ კომისიას? დარგში მოღვაწე კომპანიები. იქნება თუ არა სემეკი დაინტერესებული ტარიფის შესამცირებლად? თუ სემეკი გამოდის ენერგო კომპანიების დამცველი ლობისტური ორგანო? ეს ის კითხვებია რომლებიც გვაფიქრებინებს რამდენად დამოუკიდებელი და ნეიტრალური სტრუქტურაა სემეკი.
და რაც მთავარია, ტარიფის დაწევასთან დაკავშირებით მთავრობის ძალისხმევამ და შედეგმაც თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა სემეკი და გააჩინა კითხვა: რატომ იგივე არ გაკეთა მარეგულირებელმა თუნდაც ერთი წლის უკან?
_ რაც შეეხება მერიის ასლარიან ვაუჩერებს...
_ საერთოდ ყოველგვარი ასეთი ვაუჩერების წინააღმდეგი ვარ, რადგან ერთჯერადი ხასიათისაა და ფინანსური რესურსების არარაციონალურად გამოყენებასთან ასოცირდება. მას ცოტა პოლიტიკური ელფერი დასდევს და ყოველი ასეთნაირად მოტივირებული გადაწყვეტილებები მოკლევადიან ეფექტს იძლევა, მაგრამ არ არის გათვლილი რაიმე ხანგძლივ პერსპექტივაზე.
_ მინისტრი ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე საუბრობს, ეს როგორ მოხდება? რას ფიქრობთ გიგანტური ჰესებისა და კაშხლების მშენებლობაზე?
_ ნავთობი და გაზი ჩვენ არ გვაქვს, ერთადერთი რაც უხვად გაგვაჩნია ჰიდრორესურსეია. ევროპაში საქართველო მეორე ადგილზეა შვედეთის შემდეგ 1 კვადრატულ კილომეტრზე პოტენციურად გამომუშავებული ელექტროენერგიის მიხედვით (159 მლრდ კვ სთ) და უმჯობესი იქნება სწორად და რაციონალურად გამოვიყენოთ ეს რესურსი. გიგანტური ჰესებიც უნდა აშენდეს, კაშხლებიც, მცირე ჰესებიც თუ დაცული იქნება პრინციპი – ინვესტიცია–ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
საქართველო უნდა იქცეს ენერგომწარმოებელ ქვეყნად, რაც ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობასა და სტაბილურობას აღჭურვავს დამატებითი ბერკეტებით.
_ ხომ არ ვარაუდობთ ეკონომიკურ კრიზისს და პროდუქტებზე ფასების ზრდას?
_ საქართველო პატარა ეკონომიკაა, მცირე კრიზისებს ასეთი ეკონომიკები ადვილად ლახავენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ყურადღება მოვადუნოთ. უმრავლესი პროდუქციის ფასების ზრდა სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე არაა დამოკიდებულები, რადგან ჩვენ ჯერჯერობით მომხმარებელი ქვეყანა ვართ, ვიდრე მწარმოებელი.
მთავრობამ უნდა შექმნას ეკონომიკური განვითარების ყოვლისმომცველი კონცეფცია, ანუ ხანგრძლივი მაკროეკონომიკური განვითარების პროგრამა, რომლის განხორციელებითაც მივაღწევთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმუმს. ყველა დარგის რეფორმა ერთმანეთთან უნდა იყოს კავშირში, აღარ უნდა ხდებოდეს, რომ უკვე გატარებული რეფორმა, გასატარებელს ეწინააღმდეგებოდეს და ამის გამო ცვლილება ხშირად გვჭირდებოდეს, რაც სტაბილურობის განცდას აქვეითებს.
ყველა მთავრობა ეკონომიკაში თავის კვალს ტოვებს, წინა მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტებით დაგვამახსოვრდა, დღევანდელი მთავრობის მესიჯები გვაფიქრებინებს, რომ მათი პრიორიტეტი მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკაა, რაც თავისთავად მისასალმებელია.
მართალია, პრემიერ–მინისტრი ბიზნესში საკმაოდ გამოცდილი პიროვნებაა, მაგრამ ჩემი სურვილი იქნება ეკონომიკური რეფორმები მხოლოდ მასთან არ ასოცირდებოდეს და გვყავდეს რეფორმატორი, მოქნილი, ნოვატორი მთავრობის ეკონომიკური გუნდი.
ჟანა ასანიძე
სპეციალურად ნიუპოსტისთვის
მასალის გამოყენების პირობები






