„სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც ორდერის გარეშე ჩხრეკას ითვალისწინებს, შესაძლოა საფრთხის მატარებელი იყოს.
ამის შესახებ „ნიუპოსტთან“ საუბარში ექსპერტმა ლევან ალაფიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილებების მიღების შემთხვევაში სასამართლო კონტროლი ყველა შემთხვევაში იქნება, თუმცა ეს ძალოვანი უწყების მხრიდან არასწორი გადაწყვეტილების რისკს არ გამორიცხავს.
„ვფიქრობ რაიმე დამატებითი უფლებების დამცავი მექანიზმის შემოღების გარეშე, შეიძლება საფრთხის მატარებელი იყოს. ერთი ის არის, რომ სასამართლო კონტროლი ყველა შემთხვევაში იქნება, რაც შეცდომის ან არასწორი გადაწყვეტილების რისკს ამცირებს, მაგრამ სრულად არ გამორიცხავს. რა მაქვს მხედველობაში, როდესაც კანონში გვაქვს დეფინიციები, მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლოების დასაბუთებულობა, ვარაუდი და ასე შემდეგ, ესეთ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია უფლებათა დაცვის და გასაჩივრების დამატებითი მექანიზმების არსებობა. ეს მოცემული უნდა იყოს თვითონ კანონშივე. ვნახოთ განხილვების ეტაპზე როგორ წარიმართება ეს ყველაფერი და ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება საბოლოო შეფასების გაკეთება. სისხლის სამართლის კოდექსში ორი მუხლია, რომელთა შორისაც არსებობს წინააღმდეგობა და ამ ეტაპზე ამ კანონპროექტის მიზანი, როგორც ეს გაცხადებულია, ამ წინააღმდეგობების აღმოფხვრაა. ვნახოთ რა დამატებით მექანიზმებზე წაიმართება მსჯელობა“, - აცხადებს ალაფიშვილი.
ექსპერტი იმედოვნებს, რომ კანონში ცვლილებების შემდეგ ერთის მხრივ გამოძიების და მეორეს მხრივ ადამიანის ინტერესი დაბალანსებული იქნება.
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩასატარებელ ჩხრეკა-ამოღებისას, გამომძიებლის მიერ შესაბამისი დადგენილების გამოტანა საჭირო აღარ იქნება. საკმარისი იქნება გამომძიებელმა პირ ჩხრეკის თუ ამოღების საფუძველი განუმარტოს.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებები განსახილველად პარლამენტს დეპუტატებმა მანანა კობახიძემ, დავით საგანელიძემ, გედევან ფოფხაძემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და პაატა კიკნაველიძემ წარუდგინეს.
მასალის გამოყენების პირობები






