კრიმინალური წყაროების განცხადებით თავისი „ისტორიული მნიშვნელობით“ ეს შეკრება ბოლო დროს გამართულ ყველა ამგვარ ღონისძიებას ჩრდილავს. მსგავსი მასშტაბის შეკრება, ე.წ. ქურდული სამყაროს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა და მსგავს მასშტაბურ შეხვედრაზე „ქურდულ სამყაროში“ არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონფლიქტის გადაწყვეტაზე არ უმსჯელიათ.
არსებული მონაცემებით, „ფორუმს“ ასზე მეტი „ყველაზე გამოჩენილი და ავტორიტეტული“ კრიმინალური „გენერალი“ ესწრება. მათ შორის არის ე.წ. ქურდული სამყაროს ერთ-ერთი „კორიფე“ 69 წლის ბორია აკაპელა, რომლის იქ ყოფნაც ყველა უთანხმოება მშვიდობიანად მოგვარების იმედს იძლევა.
გუშინწინ მოსკოვიდან ერევანში შეკრებაზე დასასწრებად ჩაფრინდნენ „შიშკანი“ (კრიმინალური ავტორიტეტი, კანონიერი ქურდი ოლეგ შიშკანოვი) და „შაქრო მალადოი“ (კრიმინალური ავტორიტეტი, კანონიერი ქურდი ზაქარია კალაშოვი), რომელიც, სავარაუდოდ ამ შეკრების ინიციატორია. „ჩებურაშკა“ (კანონიერი ქურდი ვადიმ საბრეკოვი) და „მირიჩი“ (კანონიერი ქურდი ანდრეი მიროედოვი ). ასევე ელოდებიან „დედ ჰასანის“ (ასლან უსოიანი) კლანის წარმომადგენლებს „პიჩუგასა“ (ვიქტორ პიჩუგინი) და „ვოსკრესს“ (ვასილი ხრისტოფოროვი).
ე.წ. ქურდული სამყაროდან გამოჟონილი ინფორმაციით, შეკრების ერთ-ერთი მთავარი თემა იმ კრიმინალებისგან ახსნა-განმარტებების მოსმენაა, ვინც ეჭვქვეშ დააყენა კრიმინალური ავტორიტეტის „ასატრინის“ (ედიკ ასატრიანის) უფლებამოსილება. გარდა ამისა, „შაქროს“ თავის გვერდით „ბადრის“ ხილვა სურს, რომელსაც, თავის დროზე, დედ ჰასანის კლანის „მეგრელებმა“ განაჩენი გამოუტანეს. აქედან გამომდინარე, რისკის ქვეშ დგება მთელი დაჯგუფება, რომელსაც ჯერ ძმები ქარდავები ხელმძღვანელობდნენ, მათი „გადაყენების“ შემდეგ კი - გელა ქარდავას ყოფილი სიმამრი მერაბ მზარელუა. ეს უკანასკნელი ერევანში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ჩავიდა.
სავარაუდოდ, ასევე, განხილული იქნება „დედ ჰასანის“ კლანის წარმომადგენლების მიერ „ანათემას გადაცემული“ სოხუმელებისა და ქუთაისლების საქმე, რომლებსაც მერაბ ჯანგველაძე უდგას სათავეში.
გარდა ამისა, როგორც ადრე იყო ცნობილი ჩატარდება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „დაშტამპული კანონიერი ქურდების“ გაცემული სტატუსების „მკაცრი რევიზია“.
როგორც წყარო იუწყება, ეჭვგარეშეა, რომ ერევნის შეკრების შემდეგ „მრავალი თავი გაგორდება“. წყარო იმედს გამოთქვამს, რომ ეს მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით მოხდება და არა პირდაპირი. ინფორმაციის თანახმად, შეკრების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტარიელ ონიანის („ტარო“), მერაბ ჯანგველაძისა („მერაბ სუხუმსკი“) და ასლან უსოიანის („დედ ჰასანი“) კლანებს შორის მრავალწლიანი დაპირისპირება გახდა. დღეს ქურდულ სამყაროში მიიჩნევა, რომ სწორედ ამ კონფლიქტს ემსხვერპლა უსოიანი და მისი მეგობარი ვიაჩესლავ ივანკოვი („იაპონჩიკი“). კრიმინალური ავტორიტეტების სამიზნედ შესაძლოა გავლენიანი ქართველი კანონიერი ქურდები გახდნენს. მათი მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ჯანგველაძე და ონიანი მვკლელობის დამკვეთები არიან, ისინი სიკვდილით უნდა დაისაჯონ.
განხილული იქნება ასევე იმ ე.წ. ქურდების სტატუსის აღდგენის თემა, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზით „ტიტული“ ჩამორთმეული აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები






