რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი შინაპატიმრობის პირობების შესრულებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ მან საკუტარ ბლოგზე დაწერა 30 დეკემბერს სასამართლომ ნავალნის სამ-ნახევარი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. შესაბამისად, ოპოზიციონერის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების სახით, მის მიმართ შინაპატიმრობის გამოყენება უკანონოა. ოპოზიციონერი იმასაც აპროტესტებს, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი მას ჯერ არ ჩაბარებია.
„მე ყველა მეკითხება: სააპელაციოში გაასაჩივრეთ? როდის არის აპელაცია? აპელაცია ჯერ არ არის და ვერც იქნება, განაჩენი აr ჩამბარებია და გასასაჩივრებელიც არაფერია. აი ასეთია პუტინის „მართლმსაჯულების“ გენიალური სვლა.“- წერს ნავალნი.
ნავალნიმ საკუთარ ბლოგზე გადაჭრილი ელექტრონული სამაჯურის ფოტოც დადო და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.
ნავალნიმ შინაპატიმრობის რეჟიმი 30 დეკემბერს ერთხელ უკვე დაარღვია, როდესაც მის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე მივიდა.
ამიერიდან ნავალნი, მისი განცხადებით, სახლის დატოვებას და სამსახურში სიარულს აპირებს. ნავალნის გარდა, სასამართლომ განაჩენი მის ძმას ოლეგს გამოუტანა, მას სამ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ნავალნი ამ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მასალის გამოყენების პირობები






