ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომლის კუთვნილი კომპანიაცაა Petrocas Energy Group, აცხადებს, რომ ,,ეს გარიგება არის ხაზგასმა Petrocas-ის წარმატებისა, როგორც რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშის, რომელმაც სარგებელი უნდა მოუტანოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ეს არის სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული კორიდორის უდიდესი მნიშვნელობის აღიარება".
რუსულ ნავთობგიგანტთან დადებული ამ გარიგების შესახებ ,,ნიუპოსტი“ ედპ-ს ერთ-ერთ ლიდერს გურამ ჩახვაძეს ესაუბრა.
_ცნობილი გახდა რომ ფოთის ტერმინალის თანამფლობელი გახდა რუსული სახელმწიფო კომპანია როსნეფტი. რა ეკონომიკური და პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია ეს გარიგება საქართველოსთვის?
_,,როსნეფტს“ ფოთის ნავთობტერმინალის მიმართ ინტერესი დიდ ხანია ქონდა და ამას არც მალავდა. ზოგადად სამხრეთ კავკასია ამ კომპანიის ექსპანსიონისტური პოლიტიკის ნაწილია. როსნეფტი ერთერთი სერიოზული მოთამაშეა სომხეთის ეკონომიკაში, ცდილობს აზერბაიჯანში ფეხის მოკიდებას, აფხაზეთში კარგახანია ჩვენს დაუკითხავად მოქმედებს, ამჯერად საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის ნაწილი დაისაკუთრა.
ამ კომპანიის საყოველთაოდ ცნობილი მტაცებლური ბუნებიდან გამომდინარე, რომელიც რა თქმა უნდა, რუსული სახელმწიფო პოლიტიკითაა განპირობებული როსნეფტი შეეცდება მთლიანად ხელში ჩაიგდოს აღნიშნული ტერმინალი და არამარტო, მისი სამიზნე ბათუმიცაა. ცნობისთვის ამ კომპანიის ერთერთი ხელმძღვანელი, ვიცე პრეზიდენტი, მიხეილ ლეონტიევია, რომელიც საქართველოსა და ქართველებისადმი განსაკუთრებული ”სიყვარულით” გამოირჩევა.
რუსეთისთვის ეს გარიგება წარმატებაა, როგორც ეკონომიკურად ასევე პოლიტიკურად. როსნეფტი ახლა უკვე საკუთარი საცავიდან მიაწვდის ნავთობპროდუქტებს სომხეთის ბაზარს, მათ შორის საკუთარ საწარმოებს, ასევე რუსეთი მშვიდად იქნება სომხეთში, გიუმრის რუსული სამხედრო ბაზის სტაბილური მომარაგების კუთხით. დასავლეთის მიერ შავ სიაში შეყვანილი კომპანიის დასავლეთის პარტნიორ საქართველოში შემოსვლა და დამკვიდრება რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებაში რუსეთის მცირე მაშტაბის, მაგრამ მაინც გამარჯვებაა.
ამდენად, ეს არაა ის გარიგება, რომელიც მხოლოდ კომერციას ემსახურება და არც იმ კონტრაქტების რიგს მიეკუთვნება, როცა ორივე მხარე მოგებულია, მხარეებში ვგულისხმობ სახელმწიფოებს. რუსეთისთვის მომგებიანია, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის კი - საფრთხის შემცველი.
ასეთ ვითარებაში სრულიად არაადექვატურია ჩვენი ხელისუფლების რეაქცია.
_თქვენ შეეხეთ დასავლეთის სანქციებსა და ხელისუფლების ქცევას...
_როგორც ცნობილია როსნეფტი მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ, რომელმაც მძიმე ფინანსური დარტყმა მიაყენა ამ კომპანიას, რადგან ის დიდად არის დამოკიდებული დასავლეთის კაპიტალის ბაზრებზე და ტექნოლოგიებზე. სანქციებით როსნეფტს აღარ ექნება საშუალება, აიღოს კრედიტები და გაყიდოს საკუთარი აქციები დასავლეთში, ასევე შეიძინოს ნავთობის მოპოვების მაღალი ხარისხის ტექნოლოგიები და მოწყობილობები. თავის მხრივ როსნეფტმა რუსეთის პრეზიდენტს წარუდგინა ანტიდასავლური ღონისძიებების ნუსხა, სადაც გამიზნულია რუსეთში არსებული დასავლური მოწყობილობების ექპროპრიაცია, დასავლეთის კრედიტების მომსახურეობაზე შეზღუდვების დაწესება და სხვა.
ამ დროს სრულიად გაუგებარია მთავრობის წარმომადგენლების შეფასებები აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით. ერთი ის რომ, თურმე მთავრობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია რომ პროცესზე ზემოქმედება მოეხდინა ან მოახდინოს, ტრადიციული შეფასება, რომ ეს ყველაფერი ძველი ხელისუფლების ბრალია და დღევანდელი არაფერ შუაშია, და ყველაზე საგანგაშო, თანამდებობის პირის განცხადება, რომ თურმე არაფერი ცუდი ამ გარიგებაში არაა.
რა თქმა უნდა, საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა, მაგრამ არა რუსეთისთვის. სამწუხაროდ ეს ვერ გაიგო ვერცერთი ფორმაციის ხელისუფლებამ, ვერც ძველმა და ვერც ახლანდელმა.
ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, საქართველო თუ რომელ მხარეს დგას და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მითუმეტეს. ის, რომ ხელისუფლება სანქციებს არ შეურთდებოდა, დიდ გამოცანას არ წარმოადგენდა, მაგრამ ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია ნეიტრალურს უკვე გასცდა.
_ხელისუფლება თავიდანვე აცხადებდა, რომ არ იყოს საქმის კურსში, ასევე მან ხელშეკრულების გაფორმებასთან დისტანცირება მოახდინა, რადგან მისი განმარტებით საკითხი ეხება ოფშორულ ზონაში წარმოებულ კერძო გარიგებას.
_ამ დონის კონტრაქტის გაფორმება ხელისუფლების გვერდის ავლით ვერ მოხდებოდა.
ჯერ ერთი, ამ დროს ნებისმიერ უცხოურ კომპანიას აინტერესებს, რამდენად დაცული იქნება სახელმწიფოსგან მისი საკუთრების უფლება და ინვესტიციები. მეორეც, დაახლოებით ექვსი წელია როსნეფტი საქმიანობს აფხაზეთში, საერთაშორისო ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხარჯზე, რაზეც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. თავის დროზე მოქმედმა ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ როსნეფტის საქმიანობა არაკანონიერია. და ბოლოს, ხელისუფლების დამოკიდებულება დასავლეთის მიერ სანქცირებული კომპანიის მიმართ, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია როსნეფტისთვის. ერთი სიტყვით, ასეთი ტიპის საკითხების გარკვევის და რაღაცა ფორმით ხელისუფლების გარანტიის მიღების გარეშე, რუსული კომპანია ვერ გარისკავდა და ამ გარიგებას ვერ დადებდა. ამ ვარაუდს ამყარებს როსნეფტის სხვა ქვეყნებში შესვლის პრაქტიკა. მაგალითად, იგივე სომხეთსა და აზერბაიჯანში ამ კომპანიის შესვლას წინ უძღოდა მისი ხელმძღვანელობის შეხვედრები ამ ქვეყნების პირველ პირებთან. საქართველოსთან გასაგები მიზეზის გამო ოფიციალური შეხვედრები და კონსულტაციები ვერ შედგებოდა.
_ვიცე პრემიერმა კალაძემ ახსენა გამოძიება, თუმცა ვერ დააზუსტა დაიწყება თუ არა რაიმე სახის გამოძიება აღნიშნულ კონტრაქთან დაკავშირებით?
_ჩვენი ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე, ისეთი პირი უჩანს ყველაფერი განცხადებების დონეზე დარჩება, რაც დაუშვებელია.
არ შეიძლება, კომპანიას, რომელიც შენი კანონმდებლობით კრიმინალია, ნება დართო შეიძინოს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი. არ შეიძლება ხელისუფლებამ უპასუხოდ დატოვოს კომპანიის ქმედება, კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოს დაუკითხავად არა თუ რიგითი ბიზნესს წარმოება, არამედ ქვეყნის ბუნებრივ რესურსების ხელყოფა, გარემოს დაცვის ნორმების იგნონირება. არ შეიძლება ხელისუფლებამ დაუშვას ქვეყანაში კომპანიის შემოსვლა, რომელიც ლეგიტიმურად ცნობს აფხაზეთის თვთმარქვია მთავრობას და მის ოფიციალურ საიტზე საქართველოს გვერდით, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო აფხაზეთიც ფიგურირებს. ყველაფერი ეს ლახავს საქართველოს სუვერენიტეტს, მის სახელმწიფოებრივ ღირსებას.
საკითხის მიჩუმათება ქვეყნისთვის ყველა მხრივ წამგებიანია. ხელისუფლების მიერ კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობა, კერძოდ სისხლის სამართლის საქმის არ აღძვრა, როგორც როსნეფტზე ასევე Petrocas-ზე და ახლად შექმნილ ერთობლივ კომპანიაზე გამოიწვევს რუსული პოლიტიკის გააქტიურებას, სამართლებრივი ნიჰილიზმის წახალისებას და დასავლელი პარტნიორების განეიტრალებას.
მასალის გამოყენების პირობები






