2014 წლის მთავრი შიდა და საგარეო პოლიტიკური მოვლენები, ხელისუფლების საქმიანობის დადებითი და უარყოფითი მხარეები და 2015 წლის პერსპექტივები. ,,ნიუპოსტი“ გასული წლის შეფასებისა და 2015 წლის მოლოდინების შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტებს ესაუბრა.
ნიკა ჩიტიძე: რაც შეეხება 2014 წლის შიდა პოლიტიკურ მოვლენებს და მის პოზიტიურ მხარეს, იყო ის, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, შეფერხდა ეკონომიკური წინასვლა და განვითარების ტემპი შემცირდა. ნეგატივს რაც შეეხება, ეს უკავშირდება ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას. მაგალითად, დაკავებული იქნა გიგი უგულავა მუნიციპალური არჩევნების წინ, რამაც გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე. ასევე ნეგატიური იყო ირაკლი ალასანიას გადაყენება და ამასთან ერთად ორი პროდასავლური მინისტრის გადადგომა, ვგულისხმობ პეტრიაშილს და ფანჯიკიძეს.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, წარმატება იყო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. რაც შეეხება ნეგატივს, ეს უკავშირდება იმას, რომ რუსეთი საქართველოზე ზეწოლას აგრძელებს. მან ხელი მოაწერა ე.წ. შეთანხმებას აფხაზეთთან. ქართულმა დიპლომატიამ ვერ იმუშავა კარგად, რომ გარკვეულწილად აფხაზეთის და ცხინვალის პრობლემა დადგეს დღის წესრიგში ყირიმის მსგავსად.
2015 წლის პერსპექტივები - ჩემი აზრით აუციელებელია დიპლომატიური მექანიზმების ამოქმედება, რათა ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონის პრობლემა იყოს განხილული ყირიმის პრობლემის პარალელურად. ქართველმა დიპლომატებმა უნდა იმუშაონ, რომ გამკაცრდეს სანქციები რუსეთის მიმართ. ჩემი აზრით, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონზე კონტროლის დამყარება რუსეთის გრძელვადიან პერსპექტივაში დასუსტებას ეფუძვნება. მგონია, რომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მოხმარდეს იმას, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს. ასევე აუცილებელია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი პრინციპების შესრულება. რაც შეეხება ნატოსთან თანამშრომლობას, დიდი იმედი მაქვს, რომ ნატოს საწვრთნელი ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე გაიხსნება.
სოსო ცისკარიშვილი - მაგას ასპექტი არ ჰქვია, რაც უნდა გამოვყოთ, იმიტომ, რომ ენიდან დაწყებული, გამოსაყოფი ნამდვილად ბევრი გვაქვს, ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ეს არის სერიოზული დისკუსიის და ჩაფიქრების თემა. თუ გამართლდა, რომ ფოთის პორტი „რუსნეფტმა“ შეისყიდა მაშინ ბევრი ტვინის მტვრევა არ არის საჭირო თუ რა ვითარებაშია ჩვენი საგარეო ურთიერთობათა ვექტორი, ამიტომ ორი კურდღლის მადევარი ხელისუფლება რას დაიჭერს, ალბათ ჩემი საკარნახო არ არის.
2015 წლის საგარეო პერსპექტივები - თუ გაგრძელდა ორი კურდღლის დევნა და თუ შეგვექმნა ილუზია, რომ შესაძლებელია ერთი ფეხი ნატოში ჩავდგათ და მეორე კრემლში მაშინ რაც მოგვივა, მემგონი ძალიან დიდი ტკივილის განცდა ექნება მთელ ქვეყანას.
თორნიკე შარაძენიძე - 2014 წლის მთავარი მიღწევები საგარეო პოლიტიკაში ასოცირების შეთანხმება იყო, ხოლო მთავარი ჩავარდნა უკრაინასთან ხელისუფლების მიერ ურთიერთობის ჩიხში შეყვანა. ამ ურთიერთობების გამოსწორებას დიდი რესურსი დასჭირდება.
2015 წლის პერსპექტივებს რაც შეეხება, არის კიდევ ბევრი სამუშაო და გამოსწორების შანსი არსებობს, რომ რამენაირად დასავლეთისკენ წავიდეთ. ამ მხრივ პოტენციალი გაგვაჩნია, ამოქაჩვის შანსი კიდევ გვაქვს, რადგან გარკვეული ჩავარდნები გვაქვს.
რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, აქაც ბევრი რამ ჩავარდნილია, თუმცა გამოსწორების შანსი არსებობს, კერძოდ ის, რომ პოლიტიკოსებმა დაასრულონ შიდა კინკლაობა და გადაერთოს მთლიანად იმაზე, რაც სჭირდება ქვეყანას და დალაგდეს ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკა.
ასე, რომ არსებობს ჩავარდნები, თუმცა გამოსწორების შანსი ნამდვილად გვაქვს, მაგრამ რამდენად აქვს მთავრობას გამოსწორების რესურსი სხვა საქმეა.
მასალის გამოყენების პირობები






