ბათუმში მოკლული პოლიციელის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულის რამაზ დ.ს ადვოკატმა პაატა შავაძემ და თავად ბრალდებულმა ფაქტის შესახებ მოსამართლეს განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს.
მათი მტკიცებით, კლუბიდან ამოღებულ ვიდეო ფირზე ჩანს, რომ რამაზ დ.ს პოლიციელისთვის განზრახ არ უსვრია.
ბრალდებულის ბესიკ მ.-ს ინფორმაციით, რომელიც ამავე საქმეში ხულიგნობის ფაქტზეა დაკავებული, ინციდენტი ქალების გამო დაიწყო. კერძოდ, მისი თქმით, კლუბში ყოფნის დროს ქალებთან და ერთ-ერთს ხელიც მოჰკიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მას მათ განუმარტეს, რომ ისინი მარტო არ იყვნენ, ქალებს თავი დაანება და რამაზ დ.სთან ერთად ავიდა შენობის მეორე სართულზე. 3-5 წუთის შემდეგ კი მათთან მივიდა აწ უკვე გარდაცვლილი და უთხრა, თუ რა მიზნით მოჰკიდა ხელი მასთან ერთად მყოფ ქალებს.
„მე ვუთხარი, რომ დისკოში ვარ და აბა რას ვიზამდი-მეთქი. მან დაიწყო ყვირილი და გინება, მეც იგივე გავაკეთე. მერე მან გამოიწია ჩემსკენ და ჩვენ შორის ჩადგა ჩვენი მესამე მეგობარი“. ამის შემდეგ ბრალდებულის თქმით, გარდაცვლილმა ამოიღო იარაღი და მათ დაუმიზნა. დაიწყო არეულობა და მან დაიწყო სროლა.
„რამაზი ამის შემდეგ ჩაერია საქმეში და ცდილობდა იარაღის წართმევას. მერე ისმოდა სროლის ხმა და ისინი კიბეზე დაგორდნენ. ხალხი გარეთ გარბოდა“, - განაცხადა ბრალდებულმა.
გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულს რამაზ დევაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ასევე, პატიმრობაში რჩება ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ბესიკ მამულაძე.
ბათუმში პოლიციელი რამდენიმე დღის წინ მოკლეს. 22 წლის თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას რამაზ დევაძე დაკავეს. ამავე საქმეშ ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულია ბესიკ მ.
წყარო: batumelebi.ge
მასალის გამოყენების პირობები






