შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საბერძნეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი, ასევე, 11 ვერტმფრენი. მაშველები პირველ რიგში ქალების და ბავშვების გადმოყვანას ცდილობენ.
დღეს, საბერძნეთის სანაპიროსთან, კუნძულ კერკირასთან მცურავ ბორანს ცეცხლი გაუჩნდა. სამგზავრო ბორანს Norman Atlantic-ს ცეცხლი ავტომობილების პარკირებისათვის გამოყოფილ ადგილას გაუჩნდა. ბორანზე დაახლოებით 500-მდე ადამიანი იმყოფება, რომელთაგან 411 მგზავრი და 56 ეკიპაჟის წევრია.
მგზავრების გადასარჩენად 7 გემია გაგზავნილი. მათ გადარჩენას სამაშველო ნავებით ცდილობენ. ზოგიერთი მგზავრი თავის გადარჩენის მიზნით გადახტა.
Norman Atlantic იტალიის დროშის ქვეშ მცურავი გემია. ის საბერძნეთიდან იტალიის ქალაქ ანკონას პორტისკენ მიემართებოდა. ეკიპაჟის წევრები იტალიელები არიან. სამაშველო სამუშაოებს რთული მეტეოპირობები აფერხებს.
მასალის გამოყენების პირობები






