ბათუმში პოლიციელის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ღამის კლუბის, "ლეგასის" დირექტორი ემზარ მანველიძე ამმბობს, რომ კლუბში აქამდე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.
„მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა. ამ შემთხვევის დროს არ ვიყავი ადგილზე და როცა მოვედი აქ უკვე სამართალდამცველები მუშაობდნენ. როგორც ვიცი არიან დაჭრილებიც. კლუბში ვიდეოკამერებია, ამოღებულია მასალა და მიმდინარეობს გამოძიება. კლუბის პერსონალი დაკითხვაზეა", - განაცხადა ემზარ მანველიძემ.
შსს-ს ინფორმაციით, 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს ინსპექტორს, 1992 წელს დაბადებულ თარაშ მ-ს, რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. თარაშ მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამაზ დ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი და მასრები ნივთმტკიცების სახით შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
მასალის გამოყენების პირობები






