პრემიერის განცხადებით, საუკუნეების განმავლობაში ექვთიმე თაყაიშვილი იქნება მანათობელი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო.
,,ექვთიმე თაყაიშვილმა თავისი უნიკალური ნაშრომებით წვლილი შეიტანა ხელოვნებათმცოდნეობაში. გარდა დიდი მეცნიერისა, ექვთიმე თაყაიშვილი ერისკაციც იყო, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე და იყო დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებული კრების თავმჯდომარის მოადგილე’’, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ იმ ეროვნული საგანძურის დაცვას და შენარჩუნებას, რითაც დღეს საქართველო ამაყობს. ,,ექვთიმე თაყაიშვილი სიდუხჭირეს განიცდიდა და საკმარისი იყო განძიდან თუნდაც მცირედი გაეყიდა, რომ ადამიანურად იცხოვრებდა, მაგრამ ეს არ იკადრა. საუკუნეების განმავლობაში ექვთიმე თაყაიშვილი იქნება მანათობელი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღონისძიებებით აღინიშნება წმინდა ექვთიმე თაყაიშვილისადმი ხსენება და ეს ჩვენთვის საამაყოა. მსგავსი ადამიანების ღვაწლი საუკუნეებს, ათასწლეულებს გაუძლებს’’, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა საიუბილეო სხდომაზე.
საიუბილეო სხომის დასასრულს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მათ საჩუქრად ხელნაწერი სიგელი და ეტრატზე დაწერილი ღვთისმშობლის ლოცვები გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები






