სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას საქმეზე, ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა.
საქმე ეხება ორ ეპიზოდს, რომლის მიხედვითაც კოდუამ ძვირადღირებული ავტომობილები მათ მფლობელებს საკუთარ ოჯახის წევრებზე გადააფორმებინა.
დღეს ბრალდების მხარემ ერეკლე კოდუას მეგობარი, ზვიად ცხოვრებაძე დაკითხა. ასევე, დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ავტომობილების არჩევაში უშუალოდ ერეკლე კოდუა მონაწილეობდა. ასევე პროკურატურამ წარმოადგინა მტკიცებულებები მერაბ რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ბრალდების მტკიცებით კოდუამ საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ სახელმწიფოსთვის გადასაცემად ორი ავტომობილის ყიდვა მოსთხოვა.
პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, მოწმებმა დაადასტურეს ბრალდების მტკიცება.
„დღეს დაკითხული მოწმეები ბრალდებულის ახლობლები იყვნენ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ერეკლე კოდუას უკანონო მოთხოვნის შესაბამისად შეიძინეს ჯიპის ტიპის ავტომობილები, შემდგომ კი, ერეკლე კოდუამ ერთ-ერთი მათგანი მოტყუებით გადააფორმა“, - განაცხადა პროკურორმა.
ერეკლე კოდუას ადვოკატი გიორგი გლეხაური ამბობს, რომ დღეს დაკითხული მოწმეების ჩვენების საფუძველზე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ კოდუა ავტომაქანების არჩევის დროს ადგილზე იმყოფებოდა ბრალი არ მტკიცდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ უფროს ერეკლე კოდუას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თაღლითობაში სდებენ ბრალს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში სოდ-ის ყოფილ უფროსს ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






