ქალთა საინფორმაციო ცენტრი დისკრიმინაციული გამონათქვამის გამო გადაცემა "რა, სად, როდის?" წევრის ანდრო სოლოღაშვილის დისკვალიფიკაციას ითხოვს.
ამ მოთხოვნით მათ გადაცემის წამყვანს გიორგი მოსიძეს მიმართეს:
„მოგმართავთ საქართველოს ინტელექტკლუბის წარმომადგენლის, ირინა ფრუიძის ექვსეულის წევრის, ანდრო სოლოღაშვილის მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე 2014 წლის 11 დეკემბერს გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით. ანდრო სოლოღაშვილი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს 25 ნოემბერს ჩატარებული, ქალთა მიმართა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს. მიგვაჩნია, რომ ის ამით შეურაცხყოფას აყენებს არა მარტო კონკრეტულ ადამიანებს, მთლიანად ქალთა მოძრაობის იდეას და ფემიციდისა და ძალადობის მსხვერპლ ქალებს, არამედ უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ ღირებულებებს.
ინტელექტკლუბის წარმომადგენლები დიდი პოპულარობით სარგებლობენ და მისასალმებელია, რომ 25 ნოემბრის აქციას ბევრი მათგანი შეუერთდა. ვთვლით, რომ ანდრო სოლოღაშვილის არაკორექტული განცხადება ინტელექტკლუბის პრესტიჟსაც აყენებს ჩრდილს. მაშინ, როცა ქალთა მიმართ ძალადობა ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება და ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები საზოგადოებას კონსოლიდაციისა და ერთიანი ძალებით ბრძოლისკენ მოვუწოდებთ, უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანის განწყობა და დამოკიდებულება, განსაკუთრებით კი მათი საჯარო განცხადებები, ვისაც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის თავისუფლებას, პატივს ვცემთ ადამიანის ნებას და პრინციპებს, თუმცა ვთვლით, რომ ანდრო სოლოღაშვილის პოსტი ცდება ყოველგვარ საზღვარს და ლახავს სხვა ადამიანების უფლებებს.
გთხოვთ, მოხდეს ანდრო სოლოღაშვილის დისკვალიფიციკაცია საქართველოს ელიტარული ინტელექტკლუბის თამაშებიდან, ან კლუბის შინაგანაწესის შესაბამისად, მიიღოთ სხვა სათანადო ზომები.“- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები