,,ნიუპოსტი“ ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.
_საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, პუტინმა საქართველოს პრობლემა მოაგვარა, საქართველოდან არანაირი თავისტკივილი არ ელოდება, ეს არის ქვეყანა, რომელიც მას პრობლემას არ უქმნის და ამიტომ მისი მხრიდან პირდაპირი ღია აგრესია ნაკლებად მოსალოდნელია. ის ფიქრობს, რომ საქართველო ისედაც სუსტია, შიგნიდან არეულია, საგარეო პოლიტიკა ჩამოუყალიბებელია და მთელი მისი ყურადღება გადატანილი იქნება იმაზე, რომ როგორმე დასავლეთთან მოაგვაროს ურთიერთობა, ანუ სახე არ დაკარგოს და უკრაინა არ მიატოვოს. რამდენად გამოუვა, სხვა საკითხია... მე ვფიქრობ - არ გამოუვა, როგორადაც არ უნდა შეარბილოს ტონი და მოიგოს დრო იმისათვის, რომ ევროპას როგორმე სანქციები გააუქმებინოს, ეს არაფერს ნიშნავს - სანქციები რუსეთს იმხელა ზარალს არ აყენებს, რასაც მისი ეკონომიკური მოდელი, რომელიც დამოკიდებულია ნავთობზე, და რომელიც ვხედავთ, რომ ძალიან გაიაფებულია. ასე, რომ პუტინი ყველა ვარიანტში დასუსტებულია, მიუხედავად იმისა, რას იზავს.
_თქვენ ამბობთ, რომ პუტინი თვლის, რომ საქართველოში მას პრობელმა არ აქვ, რას გულისხმობთ კონკრეტულად, რა აქვს გარანტირებული?
_გარანტირებული აქვს ის, რომ საქართველოში შიდა პოლიტიკური ვითარება საკმაოდ მძიმეა, ეკონომიკა დასუსტებულია. ქვეყანაში მომძლავრებულია ძალები, რომლებიც კონტროლდებიან მოსკოვის მხრიდან და ასეთ სიტუაციაში მას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ შეუქმნის პრობლემას, არანაირი საუბარი არ შეიძლება იყოს ნატოსა და მსგავს თემებზე, საქართველოს ამერიკასთან შემდგომ დაახლოებაზე და ამიტომაც მიაჩნია, რომ პრობელმა მოგვარებულია. მითუფრო, როცა საქართველოს ექსპორტი ჩამოეკიდა ისევ რუსულ ბაზარს, ამიტომაც პუტინს ხელში სერიოზული ბერკეტი აქვს. რუსული ბაზრის დაკეტვა ეხლა ჩვენთვის დიდი დარტყმა იქნება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პუტინი ფიქრობს, რომ საქართველოში სიტუაცია კონტროლის ქვეშ ჰყავს.
_ამ ვითარებაში პუტინს ეს სიმშვიდე როგორ უნდა დავურღვიოთ? მითუფრო თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ეკონომიკურ ვითარებას, ლარის კურსის ვარდნა, რაც ფასების ზრდას უწყობს ხელს და ამას დამატებული შესაძლო პოლიტიკური კრიზისი, რაზედაც ღიად საუბრობენ ექპერტებიც და პოლიტიკოსებიც... გარდა ამისა, არის თუ არა შიდასტაბილურობისთვის ხელისშემშლელი ივანიშვილის მხრიდან კულუარული მართვა და ამაზე პრეზიდენტმაც ღიად თქვა. ამ ფონზე, უნდა ველოდოთ თუ არა 2016 წლამდე სახელისუფლო გუნდში ღია დაპირისპირებას და მის საბოლოოდ დაშლას?
_პრობლემა სწორედ ამაშია, იგივე ლარის გაუფასურება - რამდენიც არ უნდა ამტკიცონ მთავრობაში, რომ ლარის გაუფასურება გამოწვეულია საგარეო ფაქტორებით, ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის სიმართლე, მეტი წილი მოდის მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ ბიუჯეტის გარღვევით, არამედ გამოირჩევა აბსოლუტურად გაუაზრებელი კანონით, რომელიც უზღუდავს უცხოელებს აქ ჩამოსვლას და ეს თავისთავად ხელს უშლის უცხოური ვალუტის შემოდინებას. ეს რაც შეეხება ეკონომიკას.
რაც შეეხება შიდა სახელისუფლო პოლიტიკას, აშკარაა რომ არის განხეთქილება ,,ქართული ოცნების“ გუნდში, ჯერ-ჯერობით ოცნება ინარჩუნებს ერთობას ივანიშვილის ფაქტორით, თუმცა მათი გადარჩენის ერთადერთი შანსი არის ის, რომ ივანიშვილი დაუბრუნდეს პოლიტიკას. არავის არ სჯერა მგონი საქართველოში, რომ ივანიშვილს გავლენა არ აქვს ,,ქართული ოცნების“ კოალიციაზე. ჯერ ერთი, რომ ეს არის მმართველობის ცუდი ფორმა, როცა არაფორმალური პირი მართავს ქვეყანას და მეორე - ის ჩართულია არა მხოლოდ მთავრობის ყოველდღიურ მუშაობაში, არამედ ჩართულია სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში და თუ სურს, რომ მთავრობამ იმუშაოს ისე, როგორც მას სურს, უნდა ჩაერთოს ყოველდღიურ საქმიანობაში, ამიტომაც უნდა დაბრუნდეს ოფიციალურად პოლიტიკაში. ამას ორი პლუსი ექნება, ერთი - მოისპობა ეს გაურკვეველი და მანკიერი მოდელი, როცა ის მართავს ქვეყანას კულისებიდან და მეორეც - უფრო ეფექტურად ჩაერთვება მუშაობაში და თუკი მიაჩნია, რომ ნაკლოვანებები არსებობს, თუ სურს - გამოასწორებს.
_თუმცა ივანიშვილი პრინციპულად ამბობს, რომ ის არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას...
_თუ ის ამას პრინციპულად იძახის და ბოლომდე ამ აზრზე რჩება, ჩემი აზრით, გაუჭირდება ,,ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე ასე ხელუხლებლად მიღწევა. ჯერ კიდევ შარშან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ალასანიას გუნდი გავიდოდა თამაშიდან და შეიძლება ეს ბოლო გასვლა არ იყოს. რაც უფრო დასუსტდება ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, მუთ უფრო გაღრმავდება ბზარი ,,ქართული ოცნების“ შიგნით.
_ის, რომ ალასანიას გუნდის გასვლა ბოლო არ იქნება, ვის გულისხმობთ - ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ მომდევნო ,,რესპუბლიკელები“ იქნებიან და რამდენად შესაძლებელია, რომ ახალი კოალიცია ვიხილოთ...?
_გამორიცხული არაფერია, თუმცა ვფიქრობ, რესპუბლიკელები ბოლომდე ითამაშებენ კოალიციის შეგნით და შეეცდებიან სიტუაცია შიგნიდან დაალაგონ, ეს მათი სტილია. მაგრამ, ვიმეორებ, გამორიცხული არაფერია, რაც უფრო გაღრმავდება პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში, მით უფრო გაჩნდება ჩანსი, რომ ,,ქართული ოცნების“ კოალიცია დაიშალოს. ჯერ-ჯერობით მათ აკავებს ორი ფაქტორი - ერთი ივანიშვილის და მეორე ,,ნაციონალური მოძრაობის“, მაგრამ რაც უფრო დრო გავა, ,,ნაცმოძრაობის“ ფაქტორი ხალხს ნელ-ნელა დაავიწყდება და ყველა დაიწყებს ფიქრს არა იმაზე, როგორ მოახდინონ ,,ნაციონალური მოძრაობის“ მარგინალიზაცია, არამედ იმაზე, თუ როგორ გადაირჩინოს თავი.
მასალის გამოყენების პირობები






