იმედი თუ აქვს ხალხს, ზედმეტს არ გაივლებს გულში არაფერს და იქნება ბედნიერად.
-რას აკეთებს ამსიღრმე ჭაში მაგ დალოცვილი?
-იმედს აკეთებს, მოსე-ჩემო, ე იმ ხალხის იმედს! გეტყვით აგერ და გაიგებთ, როგორ მაქვს დაყენებული საქმე. ხალხი გაღმა გამოქვაბულში რომ თხრის, მათი ხვრელი აქ მოვა, ამ ჭაში და მის იმედზე არიან. ხვრელი არც გამოღმა გამოვა და არც ჭაში გამოიხედავს.
– ხალხმა თუ იცის ეგ?
- იცის, აპა რავა, მარა ადვილი საცოდნელი რომ არის, რას ფიქრობს ხალხი, თუ იცი? რას ფიქრობს და, ჩვენ რომ ასე ადვილად ვწვდებით ჩვენი ჭკუით მაგ საქმეს, სხვანაირად არის, ალბათო. ასე მტკნარ ტყუილს სეთური როგორ გვეტყვის, და გამოვა ჭაში ეგ ხვრელი, აბა, რას იზამსო’’.
ეს ყველასათვის ნაცნობი ფრაზაა... წიგნებს თუ არ ეძალება ნაწილი, ფილმებს მაინც ხომ უყურებს და ამიტომაც, ავტორს არ ვუთითებ.
მრავალთათვის კი, ნაცნობი პოლიტიკური კადრია კინოფილმიდან - ,,გამოუსწორებელი საქართველო’’...
ამ ჯერზე, რას ველოდებით 2013 წლის პოლიტიკურ კალენდარში?
ნაციონალურ სურვილებს და ქართულ ოცნებებს რა დალევს, მაგრამ ერთიცა და მეორეც გვერდზე რომ გადავდოთ და არცთუ ისე სახარბიელო მოსალოდნელობას თვალი გავუსწოროთ, ბევრად უფრო წაადგება, ჯერ კიდევ ეიფორიულ კომაში მყოფ, სეირის მოყვარულ ქართულ საზოგადოებას.
,,ბედნიერი’’ ქართველი ხალხი ცოტა არ იყოს სანახაობის გარეშე დარჩა. თანაც როგორ?
ჯერ ისე არ ბრწყინავდა საახალწლო ღონისიძებების ხარისხით თბილის-ქალაქი და ახლა ხომ მთლად სახტად დარჩენილი უმზერდა, ტელეეკრანებთან მიმსხდარი ჩვენი ელექტორატი, მსოფლიოს დედაქალაქებში გამართულ საოცარ საახალწლო ფოერვერკებსა თუ საზეიმო ღონისძიებებს.
ვერც დაპატიმრებების სანახაობით იჯერა გული - დაჭერის მოლოდნი გირაოს სანაცვლოდ გაშვებამ, ხოლო გამონათქვამი - მასობრივი დაჭერები, მასობრივმა ,,დაჭერა-გაშვებებმა’’ ჩაანაცვლა.
არც პრეზიდენტი გადადგა, რომელმაც ავღანეთიდან, ჰელმანდის პროვინციიდან მიულოცა თავის ამომრჩეველს და გადამრჩეველს ახალი წელი და იქვე, 5 პუნქტიანი გეგმაც, ყოველი შემთხვევისთვის, ტელეეკერანიდან ამცნო პრემიერ ივანიშვილს - კოჰაბიტაციის ნაციონალური ინტერესების განსამტკიცებლად.
არც პრემიერ ივანიშვილს დაუყოვნებია და 2013 წელი, მისი იმედიან-ოცნებიანი საახალწლო მილოცვის კვალდაკვალ, 5 პუნქტიან გეგამზე თანხმობით დაიწყო. არადა თანხმობაც რომ სწორედ დაპატიმრებების შეწყვეტაზე განაცხადა?
ეს მეორე სანახაობა გამოგვეცალა ხელიდან...
პურის ამბავიც არ მგონია მთლად ჩვენი ,,ბედნიერი’’ ელექტორატის სასარგელოდ ამოქმედდეს 2013 წელს. უკვე ხომ მოვისმინეთ გაცხადებულად, რომ ასე 4 წელი ეკონომიკური აღმასვლა ვერ გვექნება.
გაზი? გაზის ტარიფმა ხომ, სულ მთლად სახტად დატოვა ჩვენი ,,ბედნიერი’’ ელექტორატი...
აზერბაიჯანმა პრემიერს გულდასმით განუმარტა, რომ ჩემს ხალხზე იაფად, აბა, როგორ მოგცე ბუნებრივი აირიო? ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე კი მოკრძალებით შეახსენა, აზერბაიჯანი თავის ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და, რომ ბაქოსთან ვაჭრობა შეიძლება, მაგრამ მისი ნაციონალური ინტერესების თამაში აკრძალულია. პრემიერმა ივანიშვილმაც გულდასმით მოისმინა მეგობარი სახელმწიფოს პოზიცია და გაუმართავად გამომივიდა, ვიჩქარეო - ადგილზევე მოიბოდიშა.
სანახაობა, პური და ტარიფები გავიარეთ...
სახტად ვართ კვალვაც... მაგრამ იმედი ხომ, მინიმუმ, 4 წლიანი უნდა იყოს? მერე რა, რომ პოლიტიკურ ავანსენაზე მხოლოდ შესაკრებთა გადანაცვლება მოხდა და ჯამშიც მცირედი უზუსტობა მივიღეთ? მერე რა, რომ სანახაობის, პურის და გაზის ნაცვლად, საახალწლოდ, პრეზერვატივზე ბუსუსების აკრძალვა და ამნისტიის შედეგად, პედოფილების და რუსეთის ჯაშუშების პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლება მივიღეთ...
რუსეთზე გამახსენდა,
არანაკლებ სახტად დარჩენილი დასავლეთი კი დუმს!
ოღონდ, ეს ის დუმილი არ გეგონოს, ღრმად პატივცემულო ქართველო ხალხო, ,,ოქროი’’ რომ ,,არს რჩეული’’... სამწუხაროდ არა...
ეს ის დუმილია, რომელმაც საგონებელში ჩააგდო, ჩვენზე ამდენ ზრუნვაგაწეული და კოჰაბიტაციის მხვეწნელი ევროპა და ამერიკა...
ხოდა, ,,ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე’’ დაემართა.
,,ვაი’’ ის იყო, ვისაც, წლების მანძილზე, ადამიანის უფლებების დაცვას და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ევედრებოდა, იმ მოტივით, რომ ,,ვაის’’ ნამდვილად ჰქონდა დასავლური გზა არჩეული...
ის გზა, რომელზედაც, ჩემო ,,ბედნიერო’’ ელექტორატო, მართლაც გადის ჩემი და თქვენი საქართველოს უსაფრთხოება და სუვერენიტეტი...
და კიდევ, მრავალ მიზეზთა გამო დუმს ასე, სახტად დარჩენილი დასავლეთი...
თუმცა,
,, საქართველომ მოიგერია ამერიკელების და ევროპელების შემოტევა’’- ეს პრემიერიმა ივანიშვილმა თქვა!
თუმცა,
დუმილი ჯერ არ ნიშნავს მოგერიებას... იქ, ზებო არ ზის ჭაში...
მთავარიც ესაა... ჩემო ,,ბედნიერო’’ ამომრჩეველო, მომიტევეთ და, აქ თქვენი ადგილი აღარ არის.
ეს ის შემთხვევაა, როცა ხალხი გადის თამაშიდან და დაფაზე მხოლოდ პოლიტიკა რჩება. მაგრამ, ამ დაფაზე, არავინ იცის, თქვენივე წყალობით დარჩენილები, ქვეყანას ვის იმედად დატოვებენ - ზებოს თუ დასავლეთის?
არა რუსეთს თუ არა ნატოს?
ეს არც სანახაობაა, არც პური და არც ტარიფები... ეს არც მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მონოპოლიზებულ-პოლარიზებული ველია... ეს საერთო ნაციონალური საკითხია და დიდი ალბათობით, სწორედ, ეს გამოიკვეთება მომავალ პოლიტიკურ კალენდარშიც...
წესით, ასეთივე დიდი ალბათობით უნდა იხილოს და მოისმინოს საზოგადოებამ იმ პოლიტიკური ჯგუფების პოზიცია, რომლებიც ძნელად დასაძლევ პოლარიზებულ ველს თავიანთივე ვერდაძლეული ამბიციების გამო მდუმარედ შესცქერიან... ვხედავთ და ვუსმენთ ,,არა ნატოს’’-ს მომხრე პოლიტიკურ აქტივს, მაგრამ ველოდებით ,,არა რუსეთს’’-ის მომხრეთა პოზიციას, რომლებსაც არცთუ ნაკლები პასუხისმგებლობა აკისრიათ ქვეყნის წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტისას. ასეთ დროს პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა ვეღარ ხდება განმსაზღვრელი, განსხვავებით არჩევნების შედეგისა.
საზოგადოებას და მით უფრო პოლიტიკოსებს კარგად უნდა ახსოვდეთ, რომ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა სწორედ უმცირესობამ აიღო საკუთარ თავზე და არა საბჭოური მენტალობით გაჟღენთილმა უმრავლესობამ და ე.წ. ინტელიგენციამ, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოსულა რუსული იმპერიალიზმის ,,ტკბილი’’ ბურუსიდან.
ახალ რეალობას ,,აპრილის მომლოდინენიც’’ შეემატნენ, რომლებიც შემოდგომის აზნაურებს უფრო გვანან - უკეთესი ხვალინდელისთვის, დღევანდელი რეალობის სწორად გააზრების სურვილიც რომ არ გააჩნიათ.
ამ ყველაფერთან, ის დრო მახსენდება თავისუფლებისა და დამოუკიდელობის გზა ,,ბალახის ჭამამდე’’ რომ დაყავდათ... მერე, სხვისი ხელებშემყურენი, მწარე სიმართლის მთქმელს რომ ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ყოველი ახალი ბელადის მოლოდინში, ყოველ ჯერზე, ვაშლსა და მანდარინზე ცვლიდნენ საკუთარ ქვეყანას.
მიზეზი არც სოციალურ გაჭირვებაა და არც უსამართლობის განცდა... არამედ, ყველაფერი ,,ერის მოკლე მეხსიერების’’ შედეგია...
სხვაგვარად, მონობას ,,შეჩვეული ჭირის’’ პრინციპი არ გადასწონიდა ქვეყნისადმი პასუხისმგებლობას... მინიმუმ, ქართული კვალის წასაშლელად, თეთრად გადაღებილ ილორისა და ბედიის ტაძრებს მაინც გავიხსენებდით, სანამ საკუთარ ქვეყანას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დავადანაშაულებდით... სანამ უპირატეს მიზნად მანდარინის გატანას დავისახავდით იმ ერთმორწმუნე რუსეთში, რომელიც საუკუნის მანძილზე ქართულ ენაზე წირვა-ლოცვას გვიკრძალავდა...
ეიფორიული კომადან გამოსული ,,ბედნიერი’’ ელექტორატი გვიანღა შეამჩნევს, როგორც მრავალგზის კაცობრიობის ისტორიაში, რომ მათი ხედვით, ერთ დროს ,,მოფუსფუსის’’ ნაცვლად, ,,ცხენთა უფროსი’’ შერჩებათ ხელთ და გვიან იქნება, ძალიან გვიან... რადგან ლექსებიც უკვე დაწერილი იქნება, ლოცვაც მასზე მორგებული, ,,მოფუსფუსეობის’’ ჟამს გაცემული ,,ფარაც’’ უკან დაბრუნებული და ზებო კი, ოცნების გუდასთან ერთად, ჭიდან გაპარული...
,,- სახელი რატომ გამოიცვალე?
- რატომ და, აბელი ბერძნულად რას ნიშნავს, თუ იცი? აბელი ნიშნავს... მომაწოდე, ეგერ რომ წიგნი დევს, თუ კაცი ხარ... მასე. აგერ, ა!.. მოფუსფუსე, შეწუხებულ კაცს ნიშნავს და, სხვაფრად, არარაობას და მოჩვენებას... ბნელი ხალხი იყო ჩემი მშობლები, არ იცოდნენ ეს. ახლა, არქიფო... არქიფო! აგერ, ა, თავლის უფროსს, ცხენთა უფროსს ნიშნავს არქიფო.’’
P.S.
საქართველოში განხორციელდა ხელისუფლების დემოკრატიული არჩევნების გზით ცვლილება, რაც გარდაუვალი აუცილებლობა იყო და არა შემთხვევითობა, (ისევე, როგორ აუცილებლობა იყო, ვაშლი ნიუტონს დაცემოდა თავში და არა სხვას...) განვითარებულ ქვეყნებში ხელისუფლებები იცვლებიან, თუნდაც იმიტომ, რომ პოლიტიკაშიც არსებობს ,,დასვენების’’ პრინციპი - მოდის ახალი, რომელზედაც მეტ იმედებს და ფსონს დებს ამომრჩეველი, მაგრამ განვითარებულ სახელმწიფოთა შორის არსებობს ერთი, მთავარი პრინციპი - ხელისუფლების შეცვლის პირობებში არ იცვლება სახელმწიფოებრივი, ეროვნული ინტერესი და ის, საერთოა ყველა პოლიტიკური ძალისთვის.
დემოკრატიულ არჩევნებს და მის შედეგებს, ჩვენში ჯერ კიდევ გამოცდა ელის - რა გზას ავირჩევთ და მიუხედავად პოლიტიკური აზრთასხვადასხვაობისა, გვექნება თუ არა საერთო ეროვნული ინეტერესი. ეროვნულ ინტერესს კი ქვეყნის უმრავლესობა არსად არასოდეს საზღვრავს, ეს სახელმწიფოს და მისი კულუტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური ელიტის პრეროგატივაა, რომელიც უმრავლესობას ვერ ქმნის, მაგრამ მთავარი ღირებულებების ფორმირებაზე და მის დაცვაზე პასუხისმგებლობას კი იღებს.
ეროვნული პასუხისმგებლობა კი, ზებოს ჭაში ჩაკიდულ ოცნებას ვერ და არ დაელოდება.
ვნახოთ რა გველის კალანდობის შემდეგ...
კატო...))))
2013, კალანდობა...
მასალის გამოყენების პირობები






