ბოლო დროს, ქართულ საზოგადოებაში კვლავ აქტუალური გახდა მრავალი წლის განმავლობაში მივიწყებული წითელი ინტელიგენციის თემა. ტელევიზიითა და სხვა მედიასაშუალებებით სულ უფრო და უფრო ხშირად გამოდიან ასაკში შესული პირები და მენტორული ტონით მიმართავენ ქართულ საზოგადოებას ამა თუ იმ აქტუალური საკითხის შესახებ. განსაკუთრებული აქტივობა, სხვადასხვა პოლიტიკური თემის ირგვლივ შეინიშნება.
სიტყვა ,,ინტელიგენცია" მომდინარეობს ლათინური სიტყვა intel-lego-დან, რაც „აზროვნებას“, „ქმედებას“ აღნიშნავს. ინტელიგენცია, როგორც სოციალური ფენა არის საბჭოთა სისტემის პირმშო. დასავლეთის ქვეყნებში ნონსენსია ინტელიგენციის ჩვენთვის ცნობილი ფორმა. წარმოუდგენელია სტივენ სპილბერგი, მაიკლ ჯორდანი და რიჩარდ გირი ქმინდნენ ერთ სოციალურ ფენას და განსაზღვრავდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო კურსს. დასავლურ სამყაროში არსებობენ სხვადასხვა დარგებში მომუშავე წარმატებული და ერთმანეთთან მუდმივ ჯანსაღ კონკურენციაში მყოფი ადამიანები. შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიულ სამყაროში სიტყვა ინტელიგენტი არის გონებრივი და არა სოციალური საზომი ერთეული.
რაც შეეხება ქართულ ინტელიგენციას, მისი სათავე საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან და მასიური რეპრესიებიდან მოდის. XX საუკუნეში განადგურებული ქართველი წარმატებული მოღვაწეების ადგილი ახალმა ხალხმა დაიკავა. ვაკანტური ადგილის შესავსებად აუცილებელ კრიტერიუმს არსებული ხელისუფლების და კომუნისტური იდეოლოგიისადმი ერთგულება წარმოადგენდა. შედეგად, წარმოიქმნა ინტელიგენტთა ფენა, რომლის მიზანიც ქართულ საზოგადოებაში ხელოვნებისა და მეცნიერების გზით კომუნისტური იდეოლოგიური ხაზის გატარება იყო.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ წითელი ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენელი იყო თავის დარგის პროფესიონალი და მაღალი ხარისხის პროდუქციასაც ქმნიდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბდა ახალი სახის ქართული კულტურა და მეცნიერება. თუმცა რას ეფუძნებოდა იგი? თუ დავაკვირდებით საბჭოთა ეპოქაში შექმნილ ქართულ კულტურას, მისი მთავარი იდეაფიქსი იყო – ქართველი და საქართველო, როგორც საბჭოთა მეტროპოლიის დანამატი. ქართული მხედრობა, ხუროთმოძღვრება და სხვა გენიალური მიღწევა სამუზეომო ექსპონატთა კატეგორიაში იქნა გადანაცვლებული და სტერეოტიპი „ქართველი-მეომარი“ ჩანაცვლებულიქნა „ქართველი – მომღერალი, მსმელი, მჭამელის“ სტერეოტიპით. მაგალითისთვის კმარა თუნდაც ის ფაქტი, რომ დიდი დოტაციების მიუხედავად, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისაგან განსხვავებით, საქართველოს სსრ-ს მეცნიერებათა აკადემიას არ შეუმუშავებია არცერთი საბრძოლო ვაზნის პროექტი (საუბარი აღარ გვაქვს საბრძოლო ტექნიკაზე).
ვინაიდან, წითელი ინტელიგენცია სრულად იზიარებდა კომუნიზმის იდეალებს, იგი იდეალურ პირობებს უქმნიდა სსრკ-ს სპეცსამსახურებს ამა თუ იმ პირის გადმობირებისთვის და მთელ ჰუმანიტარულ სფეროში მძლავრი აგენტურული ქსელების შექმნისთვის. ასეთი ქსელების არსებობა კი ნებისმიერი სახელმწიფოსათვის ნელი მოქმედების ნაღმის ტოლფასია.
რაც შეეხება თავად ინტელიგენციას, კომუნისტური წყობის პირობებში ჯანსაღ კონკურენციაზე საუბარიც ზედმეტია. ყველა წარმატებული პროდუქტიდან შემოსავალი მიდიოდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ამის მიუხედავად, კულტურისა და მეცნიერების დიდი ნაწილი დოტაციური იყო და მოსკოვიდან წამოსული ტრანშების უკეთ ათვისება, პირდაპირ კავშირში იყო წითელი ინტელიგენციის მხრიდან კომპარტიისადმი ერთგულებაში. შეიძლება ითქვას, რომ ინტელიგენციის წარმომადგენელთა კეთილდღეობა დამოკიდებული იყო იმდროინდელ მმართველ ელიტაზე.
ყველაფერი ეს გრძელდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. მთელი საბჭოთა დოტაციური პირამიდის რღვევის პირობებში, ინტელიგენციის წინაშე დადგა არჩევანი – სახელმწიფოებრიობა ან პირადი კეთილდღეობა. ერთეულების გამოკლებით, ინტელიგენციამ არჩია პირადი კეთილდღეობა და დაუპირისპირდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს – ზვიად გამსახურდიას. მეტიც, 1992 წლის სისხლიანი პუტჩისა და ექსტრემისტული ორგანიზაცია მხედრიონის უშუალო მონაწილეთაგან ბევრი მსახიობი, მწერალი, მეცნიერი თუ სხვა დარგის წარმომადგენელი იყო.
ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში აღდგა ინტელიგენციისა და ხელისუფლების ურთიერთობის საბჭოური სტილი. თუმცა, განსხვავებით საბჭოთა პერიოდისაგან, ინტელიგენცია ვერ ქმნიდა ვერანაირ პროდუქტს. მიუხედავად ამისა, შევარდნაძის ხელისუფლებას გარანტირებული ჰქონდა ინტელიგენციის უპირობო მხარდაჭერა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნა და ინტელიგენციის არსებობა ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო. ამას ემატებოდა ინტელიგენციის აშაკარა გამოხატული პრორუსული ხასიათი და კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნის უუნარობა. ქართულმა სახელმწიფომ მოიშორა ბალასტი და უარი თქვა ინტელიგენციის მთელი არმიის დაფინანსებაზე, რაზედაც რეაქციამ არ დააყოვნა. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ინტელიგენცია მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ იქცა, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თვალნათლივ გამოჩნდა.
აქვს თუ არა მომავალი საქართველოში ინტელიგენციის ჩვენთვის ცნობილ ფორმას? საეჭვოა, რომ ასაკში მყოფი ინტელიგენციის წარმომადგენლები შესძლებენ რაიმე სახის პროდუქტის შექმნას. მათი შემცვლელი თაობაც არ ჩანს. საბოლოო ჯამში, ამჟამინდელ წითელ ინტელიგენციას დროთა განმავლობაში ჩაანაცვლებს საბჭოთა იდეალებისგან შორს მდგომი შემოქმედთა და მეცნიერთა თაობა, რომელიც ორიენტირებული იქნება საკუთარი პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გატანასა და ქვეყნის სამსახურში დგომაზე. ამის პირველ მერცხლად შეიძლება მივიჩნიოთ თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფი, რომელმაც პირველი ქართული საბრძოლო ტექნიკა შექმნა. თუმცა ამ პროცესის ბოლომდე მიყვანასა და წითელი ინტელიგენციის, როგორც კლასის გაქრობას შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს.
ალეკო კვახაძე
მასალის გამოყენების პირობები






