პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დღეიდან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად დაიკავა. პოლონელი დიპლომატი ამ თანამდებობაზე 30 აგვისტოს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ერთხმად აირჩიეს.
დონალდ ტუსკი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პოსტს 2,5 წლით დაიკავებს.
დონალდ ტუსკი განათლებით ისტორიკოსია, ის ანტიკომუნისტური ოპოზიციისა და „სოლიდარნოშჩის“ მოძრაობის აქტიური წევრი იყო. 2001 წელს ავტორიტეტიან პოლიტიკოსებთან - ანჯეი ოლეხოვკისა და მაცეი პლაჟინსკისთან ერთად ლიბერალური პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ შექმნა და მოგვიანებით მისი ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
შვიდი წლის წინ „სამოქალაქო პლატფორმამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და დონალდ ტუსკი პრემიერ-მინისტრი გახდა. 2011 წელს პარტიამ ისევ მოიპოვა გამარჯვება და დონალდ ტუსკი მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დარჩა. პოლონეთის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთი და იგივე პარტია და ერთი და იგივე პრემიერ-მინისტრი ზედიზედ ორი ვადით მართავდნენ ქვეყანას.
მასალის გამოყენების პირობები






