რუსეთის ხელისუფლებამ არ აღნიშნა ჩეჩნეთის ომის 20 წლისთავი, იმიტომ რომ არ უნდა ხალხმა ჩეჩნეთის და უკრაინის ომს შორის პარალელი დაინახოს- ამის შესახებ პარტია „იაბლოკოს“ თავმჯდომარემ სერგეი მიტროხინმა განაცხადა, მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით -„ომი ჩეჩნეთში, პოლიტიკური შეცდომები და სამხედრო დანაშაულები“
„ჩვენ ვხვდებით, რატომ მოხდა ასე- თუ ეს თემა მედიაში აქტუალური გახდებოდა, ჩვენს მოქალაქეებს მთელი რიგი ასოციაციები გაუჩნდებოდათ იმასთან დაკავშირებით, რაც რუსეთში ხდება. რუსეთი ჩართულია მორიგ ომში და ის ამ ომის გენერატორიცაა“- აღნიშნა მიტროხინმა.
მიტროხინის თქმით, როცა ომი იწყება, რუსეთის ხელისუფლებისთვის უფრო ადვილი ხდება ხალხის მოტყუება, რადგან ირთვება მობილიზაციის მექანიზმები და საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლა.
„ძლიერი ემოციების გავლენით, რომელსაც ომი იწვევს, ძალიან ადვილია დაფარო დანაშაული, კორუფცია, ქურდობა, გაამართლო საგარეო პოლიტიკის ნებისმიერი ავანტიურა. ეს ყოველივე უკვე იყო 20 წლის წინ, ეს ყოველივე ხდება დღესაც. ზუსტად ამიტომ არ უნდათ წარსულის გახსენება და გაანალიზირება იმისა , რაც მოხდა“-განაცხადა მიტროხინმა და დაამატა რომ ასეთი მდგომარეობა ამ ქმდებების შემდგომში გამეორების შესაძლებლობასაც იძლევა.
მისი თქმით რუსი სამხედროები 20 წლის წინაც „მწვანე კაცუნებივით“ მოქმედებდნენ და ახლაც ისევე მოქმედებენ აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმში.
მიტროხინის განცხადებით რუსეთის ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების მიმართ დანაშაულს სჩადის, როდესაც მათ აგზავნიდა ჩეჩნეთში საომრად და ახლაც როდესაც აგზავნის საომრად უკრაინაში.
"უსახელო კუბოები მოდიოდა 20 წლის წინაც და მოდის ახლაც, მათ დამალვას ცდილობენ და ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობს.“- ამბობს „იაბლოკო“-ს ლიდერი.
შეგახსენებთ ჩეჩნეთის დედაქალაქის პირველი „საიდუმლო“ შტურმი 1994 წლის 26 ნოემბერს განხორციელდა, რომელიც რუსული ტანკების განადგურებით და რუსი სამხედროების ტყვედ ჩავარდნით დამთავრდა.
მასალის გამოყენების პირობები






