სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, ერთ-ერთი მოწმე ოლეგ მელნიკოვია.
ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე პროკურატურის მოწმეები არიან, ასევე ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, თუმცა კაციტაძე კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს.
დღეს პროკურატურამ, მიხეილ სააკაშვილს, ბრალი სანდრო გირგვლიანის საქმეზეც წაუყენა. ამავე საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დადგა ვანო მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას მიმართ, ხოლო დათა ახალაის ბრალეულობას სასამართლო განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამართულ პროცესზე, პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე ოლეგ მელნიკოვს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. როგორც პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი აცხადებდა, მელნიკოვმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამხილა თანამონაწილე და ორგანიზატორი პირები, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მთავარმა პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
მასალის გამოყენების პირობები






