რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს მიერ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ მოხსენიებას გამოეხმაურა და მას მიხეილ სააკაშვილის ბედი შეახსენა. „სად არის ის დღეს? ის დღეს დევნილია საქართველოდან, და მას ხელს არავინ უწვდის“, - ასე შეაფასა სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომრეობა ნარიშკინმა.
სააგენტოს Интерфакс ცნობით, დუმის სპიკერმა გრიბაუსკაიტეს სიტყვებს „უხეში ანტირუსული განცხადება“ უწოდა. მისი თქმით, ლიტვის პრეზიდენტს სურს „თავის პატრონებს თავი მოაწონოს და ნაციონალ-რადიკალებს, ნეონაცისტებსა და სხვა მარგინალებს“. „პატრონებში“ ნარიშკინმა პირველ რიგში ამერიკა იგულისხმა.
გრიბაუსკაიტეს განცხადების საპასუხოდ, რუსეთის დუმის კომუნისტური ფრაქციის ლიდერმა ნიკოლაი კოლომეიცევმა ლიტვასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და ამ ქვეყნისათვის სანქციების დაწესება მოითხოვა. თუმცა ნარიშკინმა მას შეახსენა, რომ „ლიტვა ეს პატარა და ლამაზი ქვეყანაა, ხოლო ლიტველები შრომისმოყვარე და ჭკვიანი ხალხია, მაგრამ ხალხი ხშირად ცდება, როდესაც ირჩევს თავის პოლიტიკოსებს“.
შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ რადიოსადგურისათვის LRT მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „თუ ვერ შევაჩერებთ ტერორისტულ სახელმწიფოს, რომელიც ახორციელებს აგრესიას თავისი მეზობლის წინააღმდეგ, მაშინ აგრესია შესაძლოა გავრცელდეს მთელ ევროპაზე და მის ფარგლებს გარეთაც“.
მასალის გამოყენების პირობები






