გლდანის მერვე დაწესებულებაში პატიმრების ცემის ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გააკეთა. ომბუდსმენი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, რომ აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის დევნის დაწყების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს:
„მოვუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქმეზე დაუყოვნებლივ ჩატარდეს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება. მათ შორის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, დაიკითხონ დაზარალებულები და სახალხო დამცველის წინადადებაში მითითებული ნომერ მერვე დაწესებულების ყველა თანამშრომელი.
ჩემს მიერ მიწოდებული მასალების, ასევე გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მერვე დაწესებულების ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც შესაძლოა მონაწილეობდნენ მსჯავრდებულთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობაში და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ პირთა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობის მოთხოვნით“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






