უკრაინის კრიზისი რუსეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო. სერგეი ლავროვი და ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე უმთავრესი ამოცანა, დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთისაგან დაშორებაა.
ამავდროულად, რუსეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოფიციალურ კიევს დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები სეპარატისტებთან. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ყველა მხარისაგან მინსკში მიღწეული ზავის დაცვას ითხოვს.
„კიევს, დონეცკსა და ლუგანსკს შორის, პირდაპირი დიალოგის დაწყებაა აუცილებელი. განსაკუთრებით უკრაინაში ჩატარებული არჩევნების, ასევე დონეცკსა და ლუგანსკის წარმომადგენლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნების გათვალისწინებით. რუსეთი მხარს უჭერს მინსკში დაწყებული პროცესის გაგრძელებას. ეს არის უნიკალური ფორმატი, სადაც ჩართულია დაპირისპირებული მხარეები, რუსეთი და ეუთო“, - განაცხადა ლავროვმა.
მასალის გამოყენების პირობები






