ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს. როგორც „კურიერთან“ საუბრისას შიგუროვა ჰყვება, მასზე სტუმრად მისულმა მამაკაცმა იძალადა.
მისი თქმით, თავდამსხმელთან ურთიერთობა ინტერნეტით ჰქონდა, რის შემდეგაც სახლში დაპატიჟა.
შიგუროვა ვარაუდობს, რომ სწორედ ამ პიროვნებამ მოკლა, იმავე დღეს, პეკინის ქუჩაზე ტრანსგენდერი საბი ბერიანი.
„თავდამხსმელს ხელში ელექტროშოკი ეჭირა, დამადო მკერდზე, რის გამოც ნახევარი მხარე დალურჯებული მქონდა. ხელებით მახრჩობდა და მეუბნეოდა, რომ ხმა არ ამოიღო უნდა მოგკლაო. მე ვუთხარი, რომ სახლში მქონდა კამერები, რაც სიცრუე იყო. ეს ყველაფერი თავის დასაცავად ვუთხარი. საპასუხოდ მივიღე, რომ ის იყო პოლიციელი და სასტიკად აქვს გადაწყვეტილი, რომ ყველა ცნობილი ტრანსგენდერი მოკლას“, - აცხადებს ბიანკა შიგუროვა, რომელიც თავდამსხმელისგან მეზობელმა გადაარჩინა.
სწორედ მეზობელმა მოისმინა, თუ როგორ დარეკა მამაკაცმა ტელეფონზე და უცნობს ბიანკას ბინის მისამართზე მისვლა სთხოვა. მეზობლის მონაყოლის შედეგად, ტრანსგენდერი ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი მარტო არ მოქმედებდა.
ორგანიზაცია „იდენტობაში“ ვარაუდობენ, რომ ბიანკა შიგუროვაზე თავდამსხმელი და საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ერთი და იგივე პიროვნებაა.
საბი ბერიანი 10 ნოემბერს გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა ტრანსგენდერს დანით სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით კი სახლი დაწვა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






