მსჯავრდებული, რომელმაც სასამართლოზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება არ დაადასტურა, "რუსთავი2"-თვის გამოგზავნილ წერილში დეტალურად აღწერს, თუ რა გარემოებებში დააწერინეს მას აღიარება. პატიმარი წერილში იმ პირთა გვარებსაც ასახელებს, ვინც მასზე ზეწოლას ახორციელებდა.
2013 წელს ამნისტირებული კახა ფრუიძე რამდენიმე თვეში ძარცვის ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად დაპატიმრებულია მისი მეუღლეც, რომელსაც პოლიციელებისთვის ხელის შეშლის გამო ედავებოდნენ.
პატიმარი ყვება, რომ სამართალდამცველებმა ჩვენება ახალაიას წინააღმდეგ წამებით დააწერინეს და მას შემდეგ, რაც სასამართლოზე ცრუ ჩვენება გადათქვა, ბრალი დაუმძიმეს.
„პოლიცია სულ კუდში დასდევდა, სულ კარებთან მედგნენ“ -აცხადებს პატიმარ ფრუიძის დედა.
ლია ფრუიძე ვერ აკონკრეტებს, რატომ ცდილობდა პოლიცია მისი ამინისტირებული შვილის ხელახლა დაკავებას. მისი განცხადებით მის შვილს მეზობელთან შელაპარაკება მოუვიდა, მაგრამ ძარცვას, რის გამოც მისი შვილია დაპატიმრებული ადგილი არ ქონია.
დაკავების მიზეზებზე 30 წლის პატიმარი „კურიერისთვის“ გაგზავნილ წერილში საუბრობს :
კახა ფრუიძე ამბობს, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ შსს-ს გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილების თანამშრომლები მისგან ბაჩო ახალაიას და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ითხოვდნენ.
„მომადგნენ პოლიციელები და მითხრეს საჩივარი დამეწერა ბაჩო ახალაიაზე, გაგა მკურნალიძეზე და დავით ჭაკუაძე, რომ 8 წლის მანძილზე მაწამებდნენ, მე არ დავწერე არაფერი და ამის გამო 2013 წლის 31 მაისს დამაკავეს ძარცვის მუხლით.
ჩემი მეუღლე კი პოლიციელების საქმიანობის ხელის შეშლის გამო. მე მცემეს საშინლად, მეუღლეს კი რომელიც 2 თვის ფეხმძიმე იყო ტყუპებზე, მუცელში ორჯერ ამოარტყეს წიხლი და მოეშალა მუცელი. დაგვაპატიმრეს“
ვრცელ წერილში ფრუიძე განმარტავს, რომ მას ციხეში ახალაიას წინაარმდეგ ჩვენება დააწერინეს, თითქოს ის მკვლელობას შეესწრო. მან სასამართლოზე ეს ჩვენება არ დაადასტურა, რის შემდეგაც მისი განცხადებით ციხის ადმინისტრაციამ მანდატურთან შელაპარაკების მოტივით მას ბრალი დაუმძიმა.
სამართალდამცველები და სასჯელაღსრულების სამინისტრო რაიმე სახის ზეწოლას პატიმარზე გამორიცხავენ. თუმცა, ფრუიძის საქმეს უკვე სწავლობს სახალხო დამცველი. მის ინტერესებს კი ამჟამად "ახალგაზრდა იურისტები" იცავენ.
ამ საქმეში ფრუიძეს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. ადვოკატი ამბობს, რომ საქმეზე სრულყოფილი მუშაობის საშუალება არ ეძლევა. საქმეს სწავლობს სახალხო დამცველიც.
წყარო: rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






