კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ოლეგ მელნიკოვმა ჩვენება დათა ახალაიას წინააღმდეგაც მისცეს. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ოლეგ მელნიკოვს პოლიციელების ცემის ფაქტზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
"ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებული დავით ახალაიას მიმართ შეიცვალოს გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნას გამამტყუვნებელი განაჩენი. ასეთი ბინძური და მარტივი მეთოდებით მოქმედებს პროკურატურა, რასაც სამწუხაროდ, თავისი გადაწყვეტილებით, მხარი აუბა სააპელაციო სასამათლოს მოსამართლემ. სამარცხვინო ვითარებაა, პროკურატურას "ვულოცავ" დიდ მიღწევას და გამარჯვებას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ე.წ. მოდულის შენობაში სამი პოლიციელის ცემის ფაქტზე საქალაქო სასამართლომ დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვსა და სოსო თოფურიძეს თავისუფლების 3 წლითა და 9 თვით აღკვეთა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპროცესო შეთანხმების შედეგად, მელნიკოვი საპატიმროში მხოლოდ 2 წელს გაატარებს, სასჯელის დანარჩენ პერიოდს, 1 წელსა და 9 თვეს კი მეთვალყურეობის ქვეშ მოიხდის.
მასალის გამოყენების პირობები






