ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
საზეიმო ლოცვა 21:00 საათზე დაიწყება, დასრულების შემდეგ კი წაიკითხება პატრიარქის ტრადიციულ საშობაო ეპისტოლეს. საღმრთო ლიტურგია 00:00 საათზე დაიწყება.
შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 17 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება.
წმინდა სახარების თანახმად, დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა: - მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს.
მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით დღითი-დღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ.
ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.
ჩუმად თავისთვის ამობრწყინდა ცაზე უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს. შორს აღმოსავლეთში კი მოგვებმა მაშინვე შეამჩნიეს იგი და ისწრაფეს კიდეც მისკენ.
გარშემო კი დუღდა და ჩქეფდა ცხოვრება. დიდებულ პალატებში, სრა-სასახლეებში რბილ, ფაფულ ხალიჩებზე დააბიჯებდნენ ამა ქვეყნის მესვეურნი. უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ.
მაცხოვარი, განხორციელებული სიტყვა, იესო ქრისტე, უფალი ჩვენი ჩვეულებრივი ჩვილი ბავშვივით იწვა ცხოველთათვის განკუთვნილ ბაგაში და ადამიანებს შობისთანავე უმხელდა უდიდეს საიდუმლოს: სიმდაბლეშიაო ადამიანის დიდება. ამქვეყნიური ყოფა და ფუფუნება კი არ განსაზღვრავსო ადამიანის პიროვნებას, არამედ ის, რაც მის შიგნითაა, მისი შინაგანი სამყაროთი წარმოჩინდებაო იგი. ასე ასწავლიდა მორჩილებითა და თავმდაბლობით გადარჩებაო ადამიანი. ამ სიბრძნისგან კი შორს იდგნენ ადამიანები. ამიტომაც იყო ერთი, უბრალო, ღარიბული ქოხიც კი არ აღმოჩნდა, რომ შეეფარებინა უფალი
განკაცებული უფლის შობა პირველად იქ მყოფმა მწყემსებმა იხილეს, რომლბსაც ანგელოზებმა ასე ახარეს:
- დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.
მასალის გამოყენების პირობები






