დაკითხვის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა. გამომძიებელი ცდილობდა მისგან პროკურატურისათვის სასურველი პასუხები მიეღო, - ეს განცხადება ბატიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისივე თქმით, იყო მცდელობა ზეწოლა მოეხდინათ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე.
"დაკითხვა წარიმართა საოცარი დარღვევებით, ვერც ვიფიქრებდი, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მსგავსი რამ მოხდებოდა. დაკითხვის მიმდინარეობისას ალექსი ბატიაშვილი როდესაც სცემდა პასუხს, გამომძიებელ ფუტკარაძეს პასუხები არ მოსწონდა და ცდილობდა, რომ სხვა პასუხები მიეღო, რაზეც პროტესტი დავაფიქსირეთ და შესაბამისი პროტესტი იქნა ჩვენს თვალწინ ოქმში შეტანილი. როდესაც დაკითხვა დასრულდა, წარმოდგვიდგინეს ოქმები და საოცრება მოხდა. დაკითხვის ოქმში ალექსი ბატიაშვილის პასუხების უმრავლესობა არ იქნა ასახული ისე, როგორც იყო ნათქვამი, უმრავლესობა კი იქნა ამოღებული. პროტესტები არ იყო დაფიქსირებული", - აღნიშნა ადვოკატმა.
თავად ალექსი ბატიაშვილმა პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა.
პროკურატურის ინფორმაციით, ალექსი ბატიაშვილი კომპანია "სილქნეტის" ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია და როგორც საქმის მასალებში იკვეთება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია "სილქნეტს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს სწორედ ბატიაშვილი აწერს.
მასალის გამოყენების პირობები






