როგორც ცნობილია, საქმეს იძიებს პროკურატურა და პასუხისგებაში მიცემულია თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამდებობის პირი, რომელთაც ყველაზე მკაცრი ღონისძიება - დაპატიმრება შეეფარდათ.
როგორც წესი, ასეთი ტიპის რეზონანსულ საქმეებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას ერთის მხრივ ახდენს პროკურატურა იმ მტკიცებულებების თაობაზე, რომელთა საფუძველზედაც პირებს წარუდგინა ბრალდება; მეორეს მხრივ ბრალდებულთა ადვოკატები, რომლებიც არწმუნებენ საზოგადოებას თავიანთი დაცვის ქვეშმყოფების უდანაშაულობაში და ასევე წარმოადგენენ ამ პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს; და ასევე სასამართლო, სპიკერ-მოსამართლის სახით, რომელიც განუმარტავს საზოგადაოებას, თუ რა საფუძვლით შეეფარდა ბრალდებულებს დაპატიმრება თუ სხვა სახის აღკვეთის ღონისძიება.
ანუ სტანდარტულ სიტუაციაში, ჩვენ, საზოგადოებას სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციას გვაწვდიან თვით საქმის მონაწილეები - პროკურორი, ადვოკატი, სასამართლო, რომლებიც ემორჩილებიან მხოლოდ კანონს და არაფერს სხვას, კანონის უზენაესობის პრინციპის შესაბამისად.
მაგრამ თავდაცვის სამინისტროს საქმეზე ჩვენ ვიხილეთ ასეთი სურათი:
- ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ ,,საიდუმლოობის გრიფის“ გამო მას არ აქვს წვდომა საქმის მასალებთან; მაშინ როდესაც ასეთი წვდომა აქვს თავდაცვის მინისტრს, რომელიც დარწმუნებულია თავისი თანამშრომლების უდანაშაულობაში, იმიტომ რომ, როგორც თავად აცხადებს, თვითონ შეისწავლა ეს მასალები;
- საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი შეხვდა თავდაცვის მინისტრსა და მისი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს;
- თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ შეეცდება შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრი მისი თანამშრომლების უდანაშაულობაში.
ალბათ მკითხველს არ გაუჭირდება განჭვრიტოს, რომ დაპატიმრებულ პირთა ბედი საბოლოოდ არა სასამართლო დარბაზში, არამედ მთავრობის კანცელარიის შენობაში გადაწყდება, სადაც დღეს ამ საქმის მოსმენა გაიმართა.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






