კომპანია სილქნეტი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. კომპანიის აცხადებს, რომ "ტენდერის ყველა ეტაპზე, სილქნეტის წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან". სილქნეტი აღნიშნავს, რომ დღეისათვის კომპანია ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დროულად შესასრულებლად მუშაობს .
"2013 წლის შემოდგომაზე სს სილქნეტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის განხორციელების თაობაზე. სს სილქნეტმა, სხვა კომპანიებთან ერთად, ტენდერით დადგენილ ვადებში წარადგინა შესაბამისი წინადადება ყველა იმ დოკუმენტთან და ინფორმაციასთან ერთად, რაც მოთხოვნილი იყო სატენდერო პირობებით. წარდგენილი წინადადება საუკეთესოდ ჩათვალა თავდაცვის სამინისტრომ და სილქნეტი გამოცხადდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვაობა სილქნეტის მიერ წარდგენილ წინადადებასა და მეორე ადგილზე გასული კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებას შორის 2 მილიონ 400 ათას ლარზე მეტია, მესამე ადგილზე გასულ კომპანიას შორის კი - 3 მილიონ 600 ათასი ლარზე მეტი. შეგვიძლია, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ტენდერის ყველა ეტაპზე, სილქნეტის წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან. დაინტერესების შემთხვევაში, კომპანია მზად არის, მიაწოდოს გამოძიებას ნებისმიერი ინფორმაცია, რაც წაადგება საქმის ეფექტურად გამოძიებას" - ნათქვამია სილქნეტის განცხადებაში.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები დღეს დააკავა. საბიუჯეტო თანხების - 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით,
გამოძიების ვერსიით, 2013 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ სს სილქნეტი, კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით გეგმავდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას. მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა თანამდებობის პირებმა: გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა და დავით წიფურიამ განიზრახეს სს სილქნეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა.
მასალის გამოყენების პირობები






